ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე გვიან სეზონი თორნიკე შენგელიასთვის დასრულდა. „ლაბორალ კუჩა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და იქ „ბარსელონასთან“ სერია 1:3 წააგო. გადამწყვეტი მატჩი კატალონიელებმა 10 ივნისს ვიტორიაში ისე მოიგეს, მეტოქისთვის შანსი არ მიუციათ – 85:63.
ოპერაციისა და ამას მოყოლილი 3-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ შენგელია პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მოედანზე მთლიანობაში მხოლოდ 10:48 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. 13 ქულით ვიტორიელთა შორის ბომბარდირი კიმ ტილი გახდა, 10-10 ქულა დააგროვეს დარკო პლანინიჩმა და ადამ ჰანგამ. გამარჯვებულებს ანტე ტომიჩა 15 ქულით დ 11 მოხსნით ულიდერა, ხოლო ბრედ ოლესონმა 12 ქულა მიითვალა.
ფინალში გასული „ბარსელონა“ „რეალს“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალიდან „ვალენსია“ გამოაგდო.