თორნიკე შენგელიამ “ვალენსიას” ძირითად გუნდში ევროთასზე ითამაშა

გასული სეზონის შემდეგ თორნიკე შენგელიას „ვალენსიას“ ძირითად გუნდში აღარ უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის კალათბურთელის საამსეზონო დებიუტი ევროთასზე შედგა. „ვალენსიას“ ჯგუფური ეტაპის საწყისი 5 შეხვედრა მოგებული ჰქონდა და ბოლო ტურში საფრანგეთში „ლე მანს“ ეთამაშებოდა.
ესპანური კლუბის ხორვატმა მწვრთნელმა ნევენ სპაჰიამ საფრანგეთში მხოლოდ ათი კალათბურთელი იახლა, შენგელიას კი 12.53 წუთი დაუთმო. თორნიკემ დრო კარგად გამოიყენა და თავის გუნდს 7 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა.
გამომდინარე იქიდან, რომ B ჯგუფში პირველობა განაღდებული ჰქონდათ, ვალენსიელები მეტოქეს დაარხეინებული შეხვდნენ და საბოლოოდ 44:80 წააგეს.
ქართველმა კალათბურთელმა 3-ვე ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ კი მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ვალენსიელთა შორის საუკეთესო, 5 (!) ქულით სწორედ შენგელია გახლდათ. საბოლოოდ, თორნიკეს შედეგიანობის კოეფიციენტმა 10 შეადგინა, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ფლორენ პიეტრუსს (15) ჩამორჩა.
5 მოგებითა და 1 მარცხით, “ვალენსიამ” ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მასთან ერთად კი მომდევნო რაუნდში სწორედ “ლე მანი” გავიდა.
მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა, ტოპ-16-ში ვერ გააღწია ვლადიმერ ბოისას “ზადარმა”. ხორვატულმა კლუბმა მშობლიურ “კრეშიმზე” ლიტვური “შიაულაი” 110:87 გაანადგურა, თუმცა, 3 მოგებითა და 3 მარცხით, ჩ ჯგუფში მე-3 ადგილს ვერ ასცდა.
ბოისა სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჩენილა, მოედანზე გატარებულ 21.49 წუთში კი მასპინძლებს 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ვოვამ 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა. მან ბურთი ერთადერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოისას შედეგიანობის კოეფიციენტი 20 გახლდათ, მასზე უკეთ კი მხოლოდ დამირ რანჩიჩი (22) გაისარჯა, რომელიც 22 ქულასა და 3 პასს გამორჩა.
ფიბა-ს ევროჩელენჯის გათამაშებას დრამატული მარცხით დაემშვიდობა გიორგი ცინცაძის ახალი კლუბი “დონეცკი”. უკრაინული გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთს ესტუმრა და პლოეშტის “ასესოფტთან” ოვერტაიმში 95:97 წააგო.
აღნიშნული მატჩის წინ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე კლუბს დაკარგული ჰქონდა, ამდენად, მეტოქეები დაცვას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და უხვქულიანი ანგარიშიც გასაკვირი არ ყოფილა.
ცინცაძეს დონეცკელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 30 წუთი გაატარა და თამაშს ხუთი პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ, ოვერტაიმის ბოლოსწინა წუთზე გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 8 ქულას დასჯერდა. საგულისხმოა, რომ გიორგიმ ორი საჯარიმო შეხვედრის ძირითადი დროს ბოლო წუთზე ააცილა, ერთ-ერთი სამქულიანი კი – ბოლო წამზე.
ცინცაძემ თანაგუნდელებს 8 შედეგიანი პასი ჩამოურიგა, რითაც ორივე გუნდში საუკეთესო იყო, გარდა ამისა კი, 4 ჩაჭრა მიითვალა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. “დონეცკის” რიგებში საუკეთესო პერიმ 33 ქულა ჩააგდო, ხოლო რუმინელთა მხრიდან ჩეპულისი (29), ჰარგროვე (26) და ბურლაკუ (20) გამოირჩნენ.
2 მოგებითა და 4 მარცხით, დონეცკელებმა E ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს, შემდეგ რაუნდში კი ბელგიურმა “ბელგაკომ ლიეჟმა” და რუსულმა “ენისეი კრასნოიარსკმა” გააღწიეს.