თორნიკე შენგელიასთვის კარიერის საუკეთესო სეზონი დღეს დასრულდა. “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ევროლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოიპოვა ადგილი და ორივე შემთხვევაში MVP-ის ტიტულამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. მას ამ ნომინაციაში ევროლიგისა და ესპანური ლიგის მომგებმა ლუკა დონჩიჩმა აჯობა.
სწორედ დონჩიჩის გუნდ მადრიდის “რეალთან” წააგო თორნიკემ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერია. საერთო ანგარიშში 1:2 ჩამორჩენილმა “ბასკონიამ” ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით ბოლომდე ებრძოლა სამეფო კლუბს, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდა. ბასკონიელებმა სერიის მე-4 მატჩი 85:96 წააგეს და ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ. მადრიდის “რეალმა” წლეულს მოგებულ ევროლიგასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობაც მოიპოვა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:47 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ მისთვის უჩვეულოდ ბევრი 9 სამქულიანი ესროლა და 4 ჩააგდო, რასაც 3-დან 2 ორქულიანი წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მადრიდის “რეალისთვის” ეს ესპანეთის 34-ე საჩემპიონო ტიტულია. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ რუდი ფერნანდესი დასახელდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში მადრიდელებს 27 ქულა შეაშველა.
