თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. საქართელოს ნაკრებისა და ესპანური “ბაკონიას” წევრი გრიპის გამო იძულებული იყო, წინ მატჩი გამოეტოვებინა, დღეს კი მოედანს დაუბრუნდა და ვიტორიული კლუბის გმარჯვებაში მონაწილეობა მიიღო.
“ბასკონიას” მეტოქე იყო “გრან კანარია”, რომელსაც ქართველი ლეგიონერის გუნდმა 95:90 მოუგო. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი, 19:38 წუთში 4 ქულა ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო უნგრელი ლეგიონერი ადამ ჰანგა გახლდათ, რომელმაც 24:50 წუთში 24 ქულა ჩააგდო. ისიც ვთქვათ, რომ მასპინძლებმა მხოლოდ 13 საჯარიმო სტყორცნეს, სტუმრებმა კი – 32.შენგელიას კლუბმა 19 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა, ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და პლეი ოფში თამაშიც გაინაღდა. დღეს, მალაგაში “უნიკახასთან” სტუმრობა ელის გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორას”.