“ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება ისე, როგორც მე ახლა მინდა წყალის დალება – თქვა ცსკა-სთან მოგების შემდეგ თორნიკე შენგელიამ, რომელიც ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო – ეს დაუჯერებელია. მე მეამაყება ჩემი თანაგუნდელების, მწვრთნელების და გულშემატკივრების, რომლებიც იმსახურებდნენ ამ გამარჯვებას. წინ ბევრი თამაშია. ჩვენ გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით, მაგრამ არა – თვითკმაყოფილები. ჩვენ უნდა მოვუმატოთ”.
“ბასკონიას” ჩავარდნა ჰქონდა და ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონში მწვრთნელი უკვე მეორედ შეცვალა. გუნდში დააბრუნეს 2 წლის წინ ვიტორიულ კლუბში შედეგიანად მომუშავე ხორვატი სპეციალისტი ველიმირ პერასოვიჩი, რომელმაც გუნდს თავისი ხელი უკვე დაატყო. ევროკალათურთის ერთ0ერთი ლიდერის ძლევით “ბასკონიას” მაღალი შედეგებისთვის ბრძოლის ამბიცია დაუბრუნდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ბასკონიელებმა რუსული არმიის გუნდი 76:73 დაამარცხეს.
ცსკა-სთან მოგებულ მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო (32:09) დაეთმო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 11-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 15 ქულას, 8 მოხსნამ 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ბასკონიელთა კაპიტანმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთაგან მხოლოდ ფრანგ ვინსენ პუარეს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების წევრი მეტ ჯენინგიც, რომელმაც 26:26 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მეტმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური მიიღო.