თორნიკე შენგელიას “ჩიკაგოში” დებიუტი გადაიდო

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგოში” დებიუტი გადაიდო

“ჩიკაგო ბულსში” თორნიკე შენგელიას დებიუტი ჯერ არ შემდგარა. დღეს, გამთენიისას, ჩიკაგოელებმა “ლოს ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლეს და ეს იყო მეორე შეხვედრა, რაც ქართველი ფორვარდი ახალ გუნდში მივიდა, თუმცა მწვრთნელმა შენგელია ისევ არ ათამაშა. საქართველოს ნაკრების წევრი მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.
რაც შეეხება შეხვედრას, “ჩიკაგომ” 95:112 წააგო. ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 12 ქულა იყო და “ხარებს” მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ლოსანჯელესელებმა არ დათმეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
“ჩიკაგოში” საუკეთსო იოაკიმ ნოა იყო 12 ქულა-13 მოხსნა-7 პასით. 22 ქულა დააგროვა კარლოს ბუზერმა, ხოლო მაიკ დანლივიმ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. კიდევ ერთ მეფარე ტაჯ გიბსონს, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა, ჩიკაგოელებს 18 ქულა შესძინა.
“ბულსს” 21-21 მოგებ-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში “ვაშინგტონთან” V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ჩიკაგოელები ხვალ, შარლოტში გამართავენ.