თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეორე გრანდი დაამარცხა. გასულ ტურში მოსკოვის ცსკა-ს ძლევის შემდეგ ვიტორიელები კატალონიაში „ბარსელონას“ შეხვდნენ და დრამატულ მატჩში, 3 ქულით დაამარცხეს. შეხვედრის ბედი ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებითი 5-წუთეულის შემდეგ შენგელიას გუნდის გამარჯვება დაფიქსირდა – 81:78.
შენგელია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე არასრული 30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ თორნიკეს ანგარიშზე 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვიტორიელთაგან საუკეთესო იყო იანის ბურუსისი, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. 17 ქულა დარიუს ადამსის ანგარიშზეა, ხოლო იაკა ბლაჟიჩმა გამარჯვებულებს 10 ქულა შესძინა. „ბარსელონაში“ 21 ქულით ალექს აბრინესი გამოირჩა, ხოლო სტრატოს პერპეროღლუმ კატალონიელებს 10 ქულა მიაშველა.
5 ტურის შემდეგ 3 მოგებით შენგელიას გუნდი ჯგუფში II-IV ადგილებს ცსკა-სთან და მადრიდის „რეალთან“ იყოფს. სწორედ სამეფო გუნდი იქნება „ლაბორალ კუჩას“ მასპინძელი 5 თებერვალს.