თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე კრასნოიარსკის „ენისეის“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 109:60. რაც მოსკოვურ გუნდში გადავიდა, ეს გახლდათ შენგელიას ყველაზე შედეგიანი მატჩი. 16 ქულა თორნიკეს პირადი რეკორდია არმიულ კლუბში.
გუნდის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ: „პირველი წუთები თანაბარი გამოდგა. თავგამოდებით იბრძოდა თორნიკე შენგელია, რომლის მონდომება უკვალოდ არ გამქრალა – ცსკა-მ მალევე მოიპოვა უპირატესობა და მეორე პერიოდიდან მეტოქისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.“
თორნიკემ მხოლოდ 18 წუთი ითამაშა, თუმცა მაინც 16 ქულის ჩაგდება მაინც მოახერხა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე იყო 6 პასი, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. სროლის სიზუსტეც საკმაოდ კარგი: 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 6-დან 4 საჯარიმო. მოსკოველებს ვითიბი ლიგაზე 5 ტურის შემდეგ ოთხი მოგება აქვთ.
არმიელებს უახლოესი მატჩი ევროლიგაზე 6 ნოემბერს ელით – „პანათინაიკოსთან“ ათენში ითამაშებენ.