35 ქულა ევროლიგაში – თორნიკე შენგელია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით და პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 35 ქულიან ნიშნულს უწია. ეს მოხდა სტამბოლში, სადაც ფენერბაჰჩემ ევროლიგის 24-ე ტურის მატჩში ბოლონიის ვირტუსს უმასპინძლა. შეხვედრა იტალიურმა გუნდმა 81:95 დათმო, თუმცა შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე 35-ქულიან პერფორმანსს ეხება და მისი ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრები კაპიტანია!
შენგელიას ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად 29 წუთი და 16 წამი დასჭირდა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში გახლდათ და მთლიანობაში ნასროლი 27 სროლიდან 21 ჩააგდო. ეს სროლები ასე გადანაწილდა: 14-დან 10 ორქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო. 35 ქულასთან ერთად თოკოს 5 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ქართველ ფორვარდს პასივში მხოლოდ 2 დაკარგვა და 1 ჯარიმა ჰქონდა. მასზე მეურვეები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
აქვე გავიხსენოთ საქართველოს წარმომადგენელთა საუკეთესო შედეგები ევროლიგაში:შენგელიასთან ყველაზე ახლოს არის მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც 2012 წელს, იტალიურ “კანტუში” თამაშისას კაუნასის ჟალგირისს 32 ქულა ჩაუგდო. ვლადიმერ ბოისას ანგარიშზე 28 ქულაა, რომელიც მან შორეულ 2004 წელს, ლიუბლინას ოლიმპიაში თამაშისას, თელ ავივის მაკაბისთან გააკეთა. 26 ქულა აქვს მოგროვებული ზაზა ფაჩულიას 2003 წელს, სტამბოლის ულქერში თამაშისას, ბერძნული პანათინაიკოსის წინააღმდეგ. 23 ქულა გოგა ბითაძის მაქსიმუმია, როცა ის ევროლიგაში პოდგორიცეს ბუდუჩნისტის მაისურით თამაშობდა და 2019 წლის 3 იანვარს მილანის ოლიმპიასთან აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.