ტურის ცენტრალური მატჩი ისეთი გამოვიდა, რითაც ფასობს კალათბურთი.
დაძაბულ ემოციებით სავსე შეხვედრის ბოლო წამებზე თავდაცვის
სამინისტროს გუნდმა მოახერხა თსუ–ს გატეხვა და მიმდინარე სეზონის წაგებით დაწყების
შემდეგ ზედიზედ მე–4 გამარჯვება მოიპოვა.
თუ არ ჩავთვლით საწყის და ბოლო წუთს, თელი შეხვედრის განმავლობაში თსუ
ლიდერობდა. წინა ტურში რუსთავულ „ენერჯი–ინვესტთან“ მარცხის შემდეგ სულ სხვა თსუ
ვიხილეთ. თანაც, სტუდენტებს ისევ აკლდათ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, ტრავმირებული
შალვა კოხრეიძე . მიუხედავად ამისა, ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი არაფერში ჩამორჩა
ეროვნული ნარების 2 წევრითა და სუპერლიგის წამყვანი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ
„არმიას“ და ცოტაც რომ გამართლებოდა, გაიმარჯვებდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ თსუ–ს
გადამწყვეტ მომენტში, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჯერ ერთი ცენტრი
გაუგდეს, ერთ წუთში კი მას მეორე მეფარეც მიაყოლეს: რიჩარდ მათიაშვილსა და გიორგი
ყველაშვილს პერსონალური ჯარიმების ლიმიტი ამოეწურათ. ბოლო წუთზე სულაც თსუ–ს მე–3
მეფარე ილია ლონდარიძე გაუვარდა, თუმც მას მალევე არმიელთა ცენტრი დავით
უგრეხელიძე მიჰყვა.
პირველი ტაიმი თსუ–მ 20:18 მოიგო და დიდ შესვენებაზეც ორქულიანი
ლიდერობით გავიდა – 38:36. თსუ–ს წინამძღოლობდა მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც
საბოლოოდ 26 ქულა დააგროვა. მესამე პერიოდში სტუდენტებმა კიდევ უფრო მოუმატეს და
გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე 8 ქულით დაწინაურდნენ. არმიელთა დრო ბოლო
მეოთხედში დადგა, როცა ლევან მოსეშვილის გუნდმა თამაშის გამოსწორება დაცვის ხარჯზე
გადაწყვიტა და გაუმართლა კიდეც. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა საკუთარი საჯარიმოს
მისადგომები საიმედოდ გადაკეტა და სტუდენტებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ ბურთის
ჩაგდება. თავის მხრივ, დაცვაში სტუდენტებიც მყარად იდგნენ და არმიელებმა მხოლოდ
საფინალო სირენამდე 4:26 წუთით ადრე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ამ
დროისთვის თსუ ტანმაღლების, მათიაშვილისა და ყველაშვილის გარეშე თამაშობდა,
შესაბამისად, აქცენტი შორ ტყორცნებზე ჰქონდა გაკეთებული. გაუმართლა კიდეც,
სირენამდე 3:30 წუთი რჩებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა კორკოტაძემ სამქულიანით
სტუდენტები 62:59 დააწინაურა. დარჩენილ დროში თამაში უფრო დაიძაბა და თსუ–მ მხოლოდ
3 ქულა ჩააგდო.
…ასეთ სიტუაციაში თამაში თავის თავზე არმიელთა ლიდერმა კოტე ტუღუშმა
აიღო. სირენამდე 55 წამით ადრე მოედნის მთელს სიგრძეზე ზუსტი პასი გადააწოდა რეზო
ათანელიშვილს, რომელმაც „არმია“ 65:63 დააწინაურა. თსუ არ ნებდებოდა, თავისუფლად
ტყორცნის საშუალებას არავის აძლევდნენ, არც ტუღუშს, რომელსაც სირენამდე 16 წამით
ბურთი არ ჩააგდებინეს. იგი საჯარიმოს ხაზთან მივიდა და ორივე სროლა ჩააგდო –
67:63. საპასუხო შეტევისას კორკოტაძემ ორქულიანი გამოიყენა და სხვაობა ორ ქულამდე
შეამცირა,თუმცა მატჩის საბოლოო წერტილი მაინც ტუღუშმა დასვა, კვლავ ორი საჯარიმო
ჩააგდო და “არმიას“ გამარჯვება გაუნაღდა.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=301