თსუ-მ ლიდერობა დაიბრუნა, გორში კი ორბმა ბრძოლაში მოიგო

თსუ-მ ლიდერობა დაიბრუნა, გორში კი ორბმა ბრძოლაში მოიგო

სუპერლიგის მე-17 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს ერთ-ერთი ლიდერი და აუტსაიდერი შეხვდნენ. გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა: თსუ-ს პირველი ადგილის დასაბრუნებლად, ხოლო რუსთავს ბოლო ადგილისთვის თავის დასაღწევად, რათა ლიგიდან გასავარდნ ზონას მოსცილდეს და სანერვიულოდ არ გაიხადოს საქმე.

ამ ტურში გამარჯვება მოიპოვა ერთ-ერთა ლიდერმა დელტამ, რომელმაც გურჯაანში რაშს შანსი არ დაუტოვა. ამით კახურმა გუნდმა თსუ-ს 2 ქულით გაუსწრო და ამ უკანასკნელს რუსთავთან ფეხი რომ დასცდენოდა, გურჯაანელები ერთპიროვნულ ლიდერობას იბრუნებდნენ. თუმცა სასწორზე რუსთაველთათვის უფრო მეტი იდო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლური გუნდი ძალიან სახიფათო სიტუაციაშია – არც კალენდარი უწყობს ხელს (ძალიან რთული მატჩები დარჩა) და ქულებითაც ყველაზე ნაკლები აქვს მოპოვებული – ზესტაფონის მარგვეთთან ერთად.

ზესტაფონელებმა ამ ტურში თითქმის მოგებული მატჩი წააგეს და რუსთავს შანსი ჰქონდა, თსუ-სთან მოგებით იმერული კლუბისთვის გადაესწრო. სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა 3 წამყვანი მოთამაშის გარეშე მოთამაშე, თუმცა მაინც ლიდერ და მძლავრ თსუ-სთან, დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე 3 ქულითაც იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერ იყოჩაღა და… 

თსუ-მ 79:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანის დარად 11 მოგება და 4 მარცხი აქვს, ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით პირველ ადგილზეა. უნივერსიტეტელებს 15 ქულითა და 14 მოხსნით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა. 26 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე. ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი დაგროვდა. რუსთავში 22 ქულით, 9 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო დემარი კინგი. 17 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა გუგა პატაშურს, ხოლო 17 ქულა და 9 მოხსნა სეთ მაქსველს.

მე-17 ტური გორში დასრულდა, სადაც სუპერლიგის დებიუტანტების ჯახი შედგა. ივერიონი სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის, ხოლო ტყიბულის ორბს გავარდნა არ ემუქრება და მაქსიმუმისთვის იბრძვის. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ტყიბულელებს დარჩათ, რომლებმაც გამარჯვების საჯარიმოები საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ჩააგდეს. საბოლოოდ მატჩი 85:83 (სტატისტიკა) დასრულდა და ორბი საპატიო, მე-5 ადგილზე განთავსდა. გორის ივერიონი კი ბოლოზეა, თუმცა 2 კონკურენტზე – რუსთავსა და რაშზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საერთოდ, სახიფათო ზონაში 4 გუნდია. ხსენებულ ივერიონთან, რუსთავთან და მარგვეთთან რაშიც უნდა ვახსენოთ. ამ გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა რაშსა და ივერიონს თითო თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას პირდაპირ დატოვებს, ხოლო მე-10-ზე გასული გუნდი “ა” ლიგის მეორეადგილოსანთან ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს.

სუპერლიგის მომდევნო, მე-18 ტური 19 და 20 მარტს – ტყიბულში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.