თსუ–მ ოვერტაიმში იმარჯვა

თსუ–მ ოვერტაიმში იმარჯვა

ქორქია–საკანდელიძის მემორიალის ტრიუმფატორ თსუ–ს დამატებითი დრო
დასჭირდა საიმისოდ, რომ გვარიანად შესუსტებული „ენერჯი–ინვესტი“ დაემარცხებინა. საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე ჩაგდებულმა
სამქულიანმა თსუ მარცხისგან იხსნა.

80:83 აგებდა თსუ, საფინალო სირენამდე კი 25 წამი რჩებოდა.
სტუდენტებმა ბურთი გაათამაშეს და საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი გაფრინდაშვილმა
პერიმეტრზე მდგარ შალვა კოხრეიძეს გადააწიდა ბურთი, რომელმაც სირენამდე 16 წამით
ადრე ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. თსუ–ელებმა რუსთაველებს ბურთის
გათამაშება არ აცალეს და ზურაბ მაჭავარიანზე დაჯარიმდნენ, რომელმაც 2 ცდიდან 1
საჯარიმო ჩააგდო და „ენერჯი–ინვესტი“ ქულით დააწეინაურა. სტუდენტებს შეტევისთვის
12 წამი რჩებოდათ, თუმც მიხეილ ბერიშვილი დროის ამოწურვას არ დაელოდა და
მასპინძლეთა ფარქვეშ შეიჭრა. დასრულებამდე 6 წამით ადრე მასზე რუსთაველები
დაჯარიმდნენ და თსუ–ს მატჩის მოგების შანსი გაუჩნდა, თუმც ბერიშვილმა პირველი
ზუსტი სროლის შემდეგ მეორე ააცილა და ქაქუცა აბაიშვილს სირენის თანხლებით ნასროლი
სამქულიანი რომ ჩაეგრო, რუსთაველები გაიმარჯვებდნენ, თუმცა ააცილა და მატჩი
დამატებით დროში გადაიზარდა.

 

თსუ–მ მობილიზება ბოლო მეოთხედში მოახერხა

რაკი ძირითად დროში წაგებას გადაურჩნენ, გაცილებით ძლიერი
შემადგენლობის მყოლი სტუდენტები, ცხადი იყო, რომ ოვერტაიმში აღარაფერს დათმობდნენ
და საბოლოოდ ასეც მოხდა. თსუ–მ 95:88 გაიმარჯვა და თასის გათამაშების
ნახევარფინალში „არმიასთან“ ბრძოლის უფლება მოიპოვა.

საკუთრივ თამაშზე იმის თქმა შეიძლება, რომ რუსთაველებმა უდიდესი
ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოახერხეს და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში
უგებდნენ თსუ–ს. „ენერჯი–ინვესტმა“ სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ წამყვანი
მოთამაშეები – ბექა წივწივაძე, ჟოლივეტ ტუჯანი, გიორგი ცეკვავა, დუდა სანაძე –
დაკარგა და შევსება 20–წლამდელთა გუნდიდან მიიღო. ფაქტობრივად, გამართული გუნდი
დაიშალა და ფავორიტობის იმიჯიც დაკარგა. ამის მიუხედავად, რუსთაველებმა მაინც
მოახერხეს და თსუ–ს არაფერი დაუთმეს, თუმც მატჩი რომ ასე დაიძაბა, ამის ერთ–ერთი
მთავარი მიზეზი სტუდენტების ზედმეტი თავდაჯერებულობაა. თსუ–ელები მოედანზე
ნაკლებად მობილიზებულნი გამოვიდნენ, რაკი შედარებით სუსტ მეტოქეს ხვდებოდნენ და
კინაღამ დაისაჯნენ. „ენერჯი–ინვესტი“ მესამე მეოთხედში 18 ქულასაც კი იგებდა და
სტუდენტებმა ბოლო ათწუთეულში მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა და მატჩის
გადარჩენა.

ქაქუცა აბაიშვილმა გამარჯვების მომტანი სამქულიანი ძირითადი დროის ბოლო წამზე ააცილა

თსუ–ლთაგან რიჩარდ მათიაშვილმა ისახელა თავი, რომელმაც 26 ქულა და 17
მოხსნა მიითვალა. რუსთაველებს კი დავით გუგავამ ულიდერა, რომელმაც 25 ქულას 14
მოხსნა და 6 ჩაჭრაც მოაყოლა. 

ბოლო
მეოთხედფინალური შეხვედრა 18 საათზე დაიწყო და მასში ერთმანეთს სტუ და „ქუთაისი“
ხვდებიან. ამათგან გამარჯვებული ნახევარფინალში შსს–ს შეხვდება.

საქართველოს
თასის გათამაშება. მეოთხედფინალი. რუსთავი. 28 იანვარი

 

ენერჯი–ინვესტი 88:95 თსუ

ძირითადი დრო 84:84

22:20 24:16 28:25 10:23 4:11

ენერჯი: მაჭავარიანი
(18), გ. ბერუაშვილი, მებურიშვილი (9), აბაიშვილი (11ქ, 7მ, 8პ), გუგავა (26ქ,
14მ, 6ჩ), ზედელაშვილი, ლამუ (16ქ, 13მ), თვარაძე (9), ობგაიძე

თსუ: ხიზანიშვილი
(2), გაფრინდაშვილი (9), კოხრეიძე (11ქ, 6პ), ლონდარიძე (12ქ, 12მ), კორკოტაძე
(7), ჩიტაშვილი (7), მათიაშვილი (26ქ, 17მ), მ. ბერიშვილი (17ქ, 5პ)

მსაჯები: ზაზა
მაჩალაძე, მალხაზ ანდღულაძე

კომისარი: გია სანაძე