თსუ მემორიალის ფინალში გავიდა!

თსუ მემორიალის ფინალში გავიდა!

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 21 იანვარი
 
შსს 77:82 თსუ
17:16 20:23 17:17 23:26
შსს: ლაფანაშვილი (6), ბ. ლეჟავა (30), ნიკოლაძე (2), კოტონი (8), მარკოიშვილი (2), ტუჯანი (8ქ, 12მ), ბარბაქაძე (6), იმნაძე (2), წივწივაძე (13ქ, 5მ, 6პ), ტომარაძე
თსუ: გაფრინდაშვილი (12ქ, 8მ, 8პ), კოხრეიძე (7ქ, 8მ, 3ჩ), ლონდარიძე (14ქ, 3ჩ), კორკოტაძე (20), ჩიტაშვილი (5), მათიაშვილი (9ქ, 17მ, 3 დაფარება), მ. ბერიშვილი (15ქ, 8მ, 4პ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
თსუ ქორქია–საკანდელიძის მემორიალის ფინალშია. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გმირულად იბრძოლა და გვარიანად გაძლიერებულ შსს–ს დრამატული მატჩი მოუგო. სტუდენტურმა გუნდმა უდიდესი მონდომების და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე იმარჯვა.
ძალთა თანაფარდობა აშკარად შსს–ს მხარეზე იყო. თსუ–ს ტრავმის გამო 2 წამყვანი მოთამაშე აკლდა – მიხეილ ფანჩულიძე და გიორგი მარხვაშილი. ამის გამო თსუ–მ მხოლოდ 7 კალათბურთელით ითამაშა და თავიდან ბოლომდე დაძაბული შეხვედრა გმირული გამარჯვებით დაასრულა. ძნელია, სახელმწიფო უნივერსიტეტელთაგან  ვინმე გამოყო, თსუ–მ ერთსულოვნების და გუნდური თამაშის ხარჯზე იმარჯვა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
 
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ორივე გუნდმა შემტევი, სწრაფი თამაში აირჩია და თვალსასეირო ბრძოლაც გაჩაღდა. უფრო სწრაფები სტუდენტები იყვნენ, რომლებიც მოიხელთებდნენ თუ არა ბურთს, უკანმოუხედავად უტევდნენ. სწრაფ შეტევებს თსუ–ელები შიგადაშიგ შორ სროლებსაც უნაცვლებდნენ. ორივე ამ კომპონენტში ზურაბ კორკოტაძე გამოირჩა, რომელმაც რამდენიმე გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და შორი თუ საშუალო დისტანციებიდანაც ჩააგდო.
შსს კი შედარებით დინჯად უტევდა და ცდილობდა, მრავალფეროვანი კომბინაციებით ეპოვნა თსუ–ს კალათის გასაღები. შსს–ც კარგად ართმევდა ამოცანას თავს და ანგარიშში უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა. პირველი მეოთხედი შსს–მ ქულით მოიგო, მეორე ათწუთეულში კი „ძალოვნებმა“ შეცდომებს უმატეს, სამიზნე გაუმრუდდათ და სტუდენტებმაც ისარგებლეს – დიდ შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდნენ – 39:37.
მესამე მეოთხედს ბევრი რამე უნდა გაერკვია. საკითხავი იყო, გატყდებოდა თუ არა 7 კალათბურთელით მოთამაშე თსუ, მაგრამ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს ამის მაგვარი არაფერი არ ეტყობოდა. მიხეილ ბერიშვილის, ილია ლონდარიძის და რიჩარდ მათიაშვილის ფარქვეშა აქტიურობამ და შედეგიანობამ თსუ–ს მესამე მეოთხედის შუაწელში 5–ქულიანი ლიდერობა დაუბევა. შსს–ს თავკაცმა დავით უსტიაშვილმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მოედანზე მობრუნებულმა თსუ–ელებმა მორიგი ორქულიანი ჩააგდეს, მაგრამ… სტუდენტებს უნებლიე შეცდომა მოუვიდათ და წუთშესვენებიდან მოედანზე 6 კალათბურთელით დაბრუნდნენ. სტუდენტების ჩაგდებული ორქულიანი არბიტრმა მაკა კუპატაძემ გააუქმა და თსუ ტექნიკური ჯარიმით დასაჯა. შესაბამისად, შსს–მ ანგარიში შეამცირა და თამაშიც ისევ თანაბარ კალაპოტში ჩადგა.
მესამე მეოთხედი ფრედ, 17:17 დასრულდა, შესაბამისად, თსუ–ს გადამწყვეტი ათწუთეულის წინ კვლავ ორქულიანი უპირატესობა შერჩა, რომელსაც კარგა ხანს ინარჩუნებდა. შსს–მ გადამწყვეტ მომენტში სიზუსტეს და სისწრაფეს უმატა. ბექა წივწივაძემ სამიანიც ჩააგდო და თავისიანებს პასებითაც ამარაგებდა. თამაში საკუთარ თავზე კი ბესო ლეჟავამ აიღო, ვისი ზუსტი სროლების შემდეგ შსს–მ შეხვედრიოს დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე 5–ქულიანი ლიდერობა მოიპოვა.
აქ კი თსუ–ს გმირობის ჯერი დადგა. ეს უპირველეს ყოვლისა სტუდენტების უკანახაზელებზე ითქმის, რომლებმაც ბოლო წუთებზე უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩაჭრეს, რაც ნუგზარ ჭეიშვილის საყვარელი ტაქტიკის – პრესინგის შედეგი გახლდათ. შალვა კოხრეიძემ და გიორგი გაფრინდაშვილმა მიყოლებით ჩაუჭრეს ბურთი „ძალოვნებს“, მიხეილ ბერიშვილმა კი მათ გარჯა მორიგი ორქულიანებით დაუფასა. თსუ–მ ჩამორჩენა გააბათილა და ბერიშვილის ორქულიანს მოყოლილი საჯარიმოს შემდეგ 75:74 დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა შსს–ს ამერიკელმა ლეგიონერმა ტროი კოტონმა ზუსტი სამქულიანით „ძალოვნებს“ ლიდერობა დაუბრუნა – 77:75.  თამაშის დასრულებამდე 28 წამით ადრე გიორგი გაფრინდაშვილმაც ოქროს სამქულიანი ჩააგდო და კვლავ თსუ დაწინაურდა – 78:77.
შსს წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა და ერთ–ერთი ბოლო შეტევა წამოიწყო, რომელიც ბესიკ ლეჟავას არაზუსტი შორი სროლით დასრულა. ბურთი შალვა კოხრეიძემ მოიხელთა და მასზე მყისვე დაჯარიმდნენ „ძალოვნები“. თსუ–ს უკანახაზელმა 1 საჯარიმო ჩააგდო და სტუდენტები სირენამდე 16 წამით ადრე 2 ქულით გავიდნენ წინ.  კვლავ შსს–ს შეტევა და კვლავ აცილებული ბურთი და ამჯერადაც კოხრეიძე დადგა საჯარიმოს ხაზზე, რომელმაც ისევ 1 სროლა ჩააგდო.  შსს–ს შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ ბექა წივწივაძის სამქულიანი მიზანს ასცდა და თსუ–მ მატჩის ბოლო წამზე დამაგვირგვინებელი ორქულიანიც ჩააგდო – 82:77.
 
ქორქია–საკანდელიძის თასს ერთმანეთს თსუ და „სოხუმი“ შეეცილებიან. სატიტულო შეხვედრა
23 იანვარს, რუსთავში, 16 საათზე გაიმართება.
 

 
A ჯგუფის საბოლოო ცხრილი
 
თსუ                     3                3          0          267:224           6
შსს                       3                2          1          259:196           5
სსაუ                    3                1          2          233:282           4
სამედიცინო        2                0          2         213:265            3