თსუ ფინალს მიუახლოვდა

თსუ ფინალს მიუახლოვდა

თსუ–მ ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა უფრო დამაჯერებლად მოუგო
სსაუ–ს და საერთო ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა. ნუგზარ
ჭეიშვილის გუნდს ახლა ერთი მოგებაღა უკლია ფინალამდე

რაც შეეხება სსაუს–ს, ამ გუნდისგან ასეთ სუსტ თამაშს ალბათ ცოტა თუ
მოელოდა. აგრარულ უნივერსიტეტელებმა რეგულარულ ჩემპოიონატში მე–2 ადგილი დაიკავეს
და თსუ–ს აჯობეს. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო უნივერსიტეტელებს უფრო სხვა
გათვლა ჰქონდათ. მათ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩები უღიმღამოდ ჩაატარეს,
მომავალ საპლეიოფო მეტოქე სსაუ–სთან უიმედოდ წააგეს, თუმცა ნახევარფინალურ სერიაში
სულ სხვანაირად ათამაშდნენ. თსუ–მ სპორტის სასახლე პლეი ოფისთვის მოსამზადებლად
დაიქირავა და სსაუ–მდე მატჩების წინ სწორედ ამ დარბაზში ვარჯიშობდა. შედეგიც
სახეზეა, ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა მეორე ნახევარფინალურ მატჩში თავიდანვე დაანახვა
მეტოქეს, რომ წარმატების მისაღწევად უდიდესი ძალისხმევა დასჭირდებოდა. გამართული
და სწრაფი თამაშის წყალობით თსუ მალევე დაწინაურდა, დავით ბარბაქაძე, მიხეილ
ფანჩულიძე და შიო ხეცურიანი თითქმის შეუჩერებლები იყვნენ აგრარელთათვის. სწრაფი
კონტრშეტევების წყალობით ჭეიშვილის გუნდი იოლად იხვეჭდა ქულებს, ხოლო სსაუ–ს
ბურთის ჩაგდება უჭირდა – თსუ–ს დაცვა ძნელად დასაძლევი ბარიერი იყო.

სხვაობაც გამუდმებით თსუ–ელთა სასარგებლოდ იზრდებოდა და თუკი პირველი
მეოთხედის შემდეგ ისინი 7 ქულას იგებდნენ, დიდი შესვენებისთვის უკვე 19–ით იყვნენ
წინ.

მეორე ტაიმში ბევრიც არაფერი შეცვლილა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდის
დიდი მცდელობის მიუხედავად, თსუ–მ გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა. თამაში ისე
ჩამთავრდა, რომ ანგარიშში სხვაობა იმდენად არ შემცირებულა, სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდს რამე სანერვიულოდ გახდომოდა საქმე.

უნდა აღნიშნოს, რომ ამ მატჩისას ორივე გუნდს მხურვალე და რაც
მთავარია, მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ყავდნენ. ორივე გუნდის ხელმძღვანელობამ
საგანგებოდ იზრუნა გულშემატკივართა შეკრებაზე და დარბაზში აგრარული და სახელმწიფო
უნივერსიტეტების სტუდენტობაც მრავლად იყო.

29 აპრილს ნახევარფინალური სერიის მე–3 მატჩი გაიმართება და თუკი
თსუ–მ იქაც იმარჯვა, ფინალში გავა.