შაბათს საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრს მოუხდა სხვადასხვა ტურნირებში თამაში და ყველამ წააგო. უპირველესად ქართულპასპორტიანი ამერიკელის, ტაირონ ელისის შესახებ უნდა ვთქვათ, რომლის „კახასოლიც“ სტუმრად „ვალიადოლიდთან“ 76:83 კი დამარცხდა, მაგრამ ჩვენი ნაკრების წევრმა თავი გამოიჩინა.
ტაირონ ელისი დამარცხებულთაგან საუკეთესო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 34 წუთი ითამაშა და 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ელისმა 6–დან 4 ორქულიანი და ათიდან 3 სამიანი მიითვალა.
თამაში საკმაოდ დაძაბული იყო და კახასოლელებს სულ ცოტა დააკლდათ სეზონის მე–7 გამარჯვების მოპოვებამდე.
ელისის გუნდი პრიმერადივიზიონში მე–6 ადგილზე რჩება, თუმცა დღეს კონკურენტებიც თამაშობენ.
გერმანულ ბუნდესლიგაში პრინციპული მატჩი გამართა ლაშა გამყრელიძის „მიტელდოიჩერმა“. „მგლებმა“ „ბრაუნშვაიგი“ მიიღეს და სამწუხაროდ, 75:82 დამარცხდნენ.
გამყრელიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 8 ცდიდან 4 ორიანი და 9 საჯარიმოდან ასევე 4 სროლა ჩააგდო და 11 ქულა დააგროვა. ლაშას ანგარიშზე დაგროვდა 3 მოხსნა და 2–2 ჩაჭრა–პასიც.
„მიტელდოიჩერს“ 7 მოგება და 5 მარცხი აქვს და ბუნდესლიგაში მე–8 ადგილზეა.
ადრიატიკის ლიგის მატჩში დამარცხდა ვლადიმერ ბოისას „ზადარი“. ხორვატიული გუნდი ჩერნოგორიაში ჩავიდა და იქაურ „ბუდუჩნოსტთან“ 81:97 წააგო. საქართველოს ნაკრების წევრი ხუთეულში იყო და 30 წუთიანი თამაშიც შედეგად 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ბოისას 4–ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა და 3 ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან შესრულებული 2 სროლიდან 1 გაარტყა მიზანში.
„ზადარს“ 6 მოგება და 4 მარცხი აქვს, რითაც ადრიატიკის ლიგაში მე–4 ადგილზეა.
ტაირონ ელისს ვალიადოლიდელი ვან ლეიკი ბურთს ეცილება