ცენტრალური მატჩი ეთერის გარეშე

ცენტრალური მატჩი ეთერის გარეშე

სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი ტელევიზიით არ გადაიცემა. საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერი, რომელიც სისტემატიურად აშუქებს ეროვნულ ჩემპიონატს, ამ შაბათს საკალათბურთო რეპორტაჟის გარეშე ჩაივლის.

 
მიზეზი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩია, რომელიც ზუსტად საკალათბურთო ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრას ემთხვევა. ქართველი რაგბისტები ეროვნულ სტდიონზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ხვდებიან და პირველი არხიც 14 საათიდან ამ შეხვერის პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს. სუპერლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის 2 გამორჩეული გუნდი: შსს და “ქუთაისი” ხვდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ჯერაც დაუმარცხებელია, ქუთაისელებს კი ერთი წაგება აქვთ, თუმცა იმერულ გუნდს რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლია, მეორე ტურში თბილისში “არმიის” დამარცხებითაც გამოაჩინა. სწორდ შსს და “ქუთაისი” შეხვდნენ ერთმანეთს ოქტომბერში გამართულ დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფურ ეტაპზე და ის მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხან მეორე, გამარჯვებული კი ბოლო წამებზე გამოვლინდა. შსს-მ 3 ქულით დაამარცხა “ქუთაისი” და მემორიალის ფინალში გავიდა. მას შემდეგ ორივე გუნდმა უფრო მოუმატა და ვინც შაბათს სპორტის სასახლეში მოვა, ნამდვილად არ წააგებს – გულშემატკივარს საკმაოდ საინტერესო მატჩი ელის.

 თუმცა მხოლოდ ეს მატჩი არაა მომავალი ტურის მთავარი შტრიხი. ცენტრალური შეხვედრის შემდეგ მაყურებელს არანაკლებ საინტერესო მატჩი ელის, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი თსუ რუსთავის “ენერჯი-ინვესტს” შეხვდება. რუსთაველებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, სუპერლიგაც 2 გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა ბოლო 2 ტურში წაგებები განიცადეს და თსუ-სთან შეეცდებიან რეაბილიტაციას. თსუ-ს კი მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე სერიოზული გამოცდა ელის რუსთაველებთან მატჩის სახით.