ცინცაძე და სანიკიძე ესტონურ ვერცხლს დასჯერდნენ

ცინცაძე და სანიკიძე ესტონურ ვერცხლს დასჯერდნენ

გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ. მათმა „როკმა“ ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეექვსე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში– 65:68 წააგო ტალინში „კალევთან“ და ჩემპიონობა ამ უკანასკნელს დარჩა, რომელმაც საერთო ანგარიშით – 4:2 გაიმარჯვა.
ყველაფერი ძველებური სცენარით წარიმართა – ანუ ტარტუელები დასაწყისში ამჯერადაც იგებდნენ, თუმცა ტალინელები შემდეგ გამოცოცხლდნენ და დიდ შესვენებაზე უკვე „კალევი“ ლიდერობდა, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 52:52.
ბოლო მეოთხედში თანაბარი და დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ტარტუელებს გიორგი ცინცაძე წინამოძღოლობდა, რომელმაც ბოლო წუთზე 65:64 დააწინაურა ტარტუელები, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ 3 ქულით გაიმარჯვეს.
მატჩის ბომბარდირი გახდა ცინცაძე, რომელმაც 35 წუთში 26 ქულა მოაგროვა. მას ასევე 3 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა და 1 პასი დაუგროვდა. ცინცაძემ 14–დან 7 ორიანი ჩააგდო, 2–დან ორივე სამქულიანი და 8–დან 6 საჯარიმო.
რომ სჩვევია, ის თამაში ვერ აჩვენა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც ფარზე კი იმუშავა და 7 მოხსნაც დააგროვა, მაგრამ ერთადერთი ქულით დაასრულა თამაში, რაც მისგან უჩვეულოა. სანიკიძე მოედანზე 22 წუთი იმყოფებოდა და თამაშიდან სამივე სროლა ააცილა, ხოლო 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მაშ ასე, მიჯრით ორი ჩემპიონობის შემდეგ გიორგი ცინცაძემ ესტონეთში ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა. ვიქტორ სანიკიძისთვის კი ეს სადებიუტო სეზონი იყო „როკში“.
 

შეგტევაზეა გიორგი ცინცაძე
 

ვიქტორ სანიკიძე ქულას დასჯერდა