ქართველების „როკს“ საქმე ცუდად წაუვიდა ესტონეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში. მას შემდეგ, რაც ტარტუელებმა ტალინში „კალევს“ მოიუგეს და მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს, წუხელ სერიის მეხუთე შეხვედრა შინაურ კედლებში 60:69 დათმეს და საერთო ანგარიშში 2:3 ჩამორჩნენ. მომდევნო შეხვერდა 1 ივნისს ტალინშია და თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, ჩემპიონები გახდებიან.
ტატრუში გამართული მატჩი მასპინძლებმა კარგად კი დაიწყეს, მაგრამ გაგრძელება ვერ მოუნახეს სათანადო. საწყისი მეოთხედის 20:15 მოგების შემდეგ ინიციატივა ხელში „კალევმა“ აიღო და დიდ შესვენებაზე 3–ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში ტალინელებმა ინიციატივის შენარჩუნება შესძლეს და საბოლოოდ საწადელ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ტრადიციულად ხუთეულში იყო გიორგი ცინცაძე, რომელმაც მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავისიანთაგან ყველაზე შედეგიანი იყო 13 ქულით. ცინცაძემ 9–დან 5 ორქულიანი და 4–დან 1 სამიანი ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
სანიკიძე სათადარიგოთა სკამიდან ჩაება თამაშში და მოედანზე გატარებულ 20 წუთში ორმაგი დუბლის გაკეთება მოახერხა – 10 ქულა, 12 მოხსნა. სანიკიძის ანგარიშზე იყო ასევე 3 დაფარება, თუმცა ქართველების ასეთმა შედეგიანმა თამაშმა შედეგი მაინც ვერ გამოიღო. ტარტუელები დამარცხდნენ და მათ წაგების უფლება აღარ აქვთ. ფინალირი სერია 4 გამარჯვებამდე გრძელდება, „როკი“ კი 2:3 აგებს. თუკი ქართველების გუნდი 1 ივნისს ტალინში იმარჯვებს და სერიაში ანგარიშს გაათანაბრებს, მეშვიდე, გადამწყვეტი შეხვედრა ტარტუში, 3 ივნისს გაიმართება.
გიორგი ცინცაძე