ცინცაძემ და სანიკიძემ „როკს“ „ლიეტუვოს რიტასი“ დაამარცხებინეს

ბალტიის ლიგის სადებიუტო მატჩში ლიტვურ „შაულიაისთან“ მარცხის შემდეგ გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის „ტარტუ როკმა“ პირველი გამარჯვება იზეიმა. ტარტუელებმა ლიტვურსავე „ლიეტუვოს რიტასზე“ იძიეს შური(79:66) და ეს ქართველი ლეგიონერების დიდი დამსახურებაცაა.

გიორგი ცინცაძეს თანაგუნდელები ულოცავენ
 
სასტარტო შემადგენლობაში მყარად ფეხგადგმულ ცინცაძეს ძირითადში არ დაუწყია თამაში. მან წინა დღის ვარჯიშზე ფეხი იტკინა და მწვრთნელმა ზედმეტ დატვირთვას მოარიდა, თუმცა გიო პირველსავე მეოთხედში გამოჩნდა მოედანზე და თამაშში გარდატეხაც შეიტანა.
აი, რას წერს ბალტიის ლიგის ოფიციალური საიტი(bbl.net): „მასპინძლებმა თავდიან ნერვიულად და ზოზინით დაიწყეს თამაში, თუმცა მოედანზე ცინცაძის გამოჩენის შემდეგ ტარტუელებისთვის ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. ლიტველების გატეხვაში მთავარი როლი ქართველმა ლეგიონერმა შეასრულა, რომლის თამაშითაც „როკის“ მწვრთნელი ძალიან კმაყოფილი დარჩა“.
ტარტუელებმა პირველი მეოთხედი 19:15 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის უკვე 9 ქულით ლიდერობდნენ, აი, მესამე ათწუთეულში კი უპირატესობა 19–ამდე გაზარდეს და ბალტიისპირეთის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის წაგებაც აქ გადაწყდა. „ლიეტუვოს რიტასი“ შარშანწინდელი ბალტიის ლიგის გამარჯვებულია, ულებ–ის თასიც მოუგია შარშან და საერთოდ, ვილნიუსელებს ევროპაში უმაღლესი დონის გუნდი ჰყავთ, რომელიც გუშინ ქართველების კარგი თამაშის წყალობით უშანსოდ დამარცხდნენ.
ცინცაძემ მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ ბურთი 4–ჯერ დაკარგა, თუმც ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, მატჩის ერთ–ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამხდარიყო საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით(21). მას მხოლოდ თანაგუნდელმა ტანოკა ბერდმა აჯობა(25), რომელსაც 17 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა 29 წუთში.
რაც მთავარია, ცინცაძე იყო ძალიან ზუსტი. მან ორივე სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორიანები და საჯარიმოები ერთნაირი წარმატებით ისროლა: 4 ცდიდან მიზანში 3–ჯერ უწია.
საკმაოდ შედეგიანი იყო ვიქტორ სანიკიძეც, რომელმაც 24 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. „ვიკამ“ 9 ორქულიანი ცდიდან 6–ჯერ იხეირა, ხოლო საჯარიმოები ცუდად ესროლა: 6–დან 2.
„როკი“ მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს შინ ლიტვურ „ნევეჟისთან“ გამართავს.