გიორგი ცინცაძემ მაკედონიურ „სკოპიე აეროდრომში“ პირველი, საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათურთელმა თავი გამოიჩინა – მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი დაგროვდა.
სპარინგ-მატჩი სერბეთში, მიტროვიცეს „მეგა ვიზურას“ წინააღმდეგ ჩატარდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მაკედონიელები ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით აგებდნენ, თუმცა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს და იქ 95:103 დამარცხდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 38:21 წუთი დაჰყო (ცხადია, სასტარტო ხუთეულში იყო) და 13 ქულა, 10 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია, რითაც იგი თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მარკო სიმონოვსკის ჩამორჩა. მაკედონიის ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 (!) სამქულიანი ჩააგდო და თამაში 28 ქულით დაასრულა.
“მზტ სკოპიე აეროდრომს” ადრიატიკის ლიგაში მორიგი მატჩი 7 ოქტომბერს შინ ხორვატულ “ზადართან” ელის, 10-ში კი ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ესტუმრება. ცინცაძის კლუბი მაკედონიის ჩემპიონატში პირველი მატჩს 11 ოქტომბერს “ფენი ინდისტრია კავადარჩისთან” ჩაატარებს.