ცინცაძემ პოდგორიცეში მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა

გიორგი ცინცაძის „სკოპიე აეროდრომმა“ ადრიატიკის ლიგაში მე-3 ტურის მატჩი გამართა. მაკედონიური გუნდი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში ჩავიდა და ადგილობრივ „ბუდუჩნოსტს“ შეხვდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ცინცაძეს. ქართველმა გამთამაშებელმა მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 96:69 დასრულდა. „ბუდუჩნოსტს“ დარკო პლანინიჩმა და ვლადიმირ დაშიჩმა ულიდერეს. მაკედონიურ გუნდში საუკეთესო ივან მარინკოვიჩი იყო 17 ქულით.
„სკოპიე აეროდრომს“ 3 ტურის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „ავიატორები“ 18 ოქტომბერს შინ, უნგრულ „შოლნოკთან“ ჩაატარებენ.