ცინცაძემ “როკს” ლიეპაიაში 13 ქულა შეაშველა

ცინცაძემ “როკს” ლიეპაიაში 13 ქულა შეაშველა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძის გუნდმა ბალტიის ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დღეს, 11 ნოემბერს, ცინცაძის „ტარტუ როკი“ ლატვიაში „ლიეპაიას“ შეხვდა და დამაჯერებლად – 79:58 დაამარცხა.
 
ლიეპაიელებმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება (22:16) მოახერხეს, მეორე ათწუთეულიდან კი ტარტუელები დომინირებდნენ. გიორგი ცინცაძე ხუთეულში არ ყოფილა, ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 22,50 წუთში 13 ქულა დააგროვა. ცინცაძემ 8 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2–დან 1 სამიანი მიითვალა, საჯარიმოები კი არ უსვრია. ამას გარდა გიორგის 4 მოხსნა, 1 პასი და ამდენივე ჩაჭრა დაუგროვდა. ქულების მხრივ ცინცაძე თანაგუნდელთაგან მხოლოდ იანარ ტალტსს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა.
 
„როკისთვის“ მეცხრე მატჩში ეს მე–6 გამარჯვება იყო და ცხრილში მეორე საფეხურზე იმყოფება. პირველზე რიგის ვეფ–ია, რომელსაც 7 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი გააჩნია. მომდევნო მატჩს ბალტიის ლიგაში „როკი“ 20 ნოემბერს თანამემამულე „კალევთან“ გამართავს. შეხვედრა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში შედგება.