საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელმაც გასულ სეზონში 3 კლუბი გამოიცვალა, თავის ყოფილ კლუბს ძველებული შემართებით დაუბრუნდა. ერთის მხრივ, ცინცაძეს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, პრესაში თუ ტელევიზიაში ქართველ გამთამაშებელზე იყო მასალები, ცინცაძემ კი თავის მხრივ კარგი თამაშით დაამტკიცა მასზე გაცემული ავანსები.
მისმა გუნდმა, ტარტუს „როკმა“პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ლატვიურ „ლიეპაიასთან“ და 76:74 იმარჯვა, გიორგი ცინცაძემ კი ამ მატჩში 16 ქულა მოაგროვა. სწორედ ქართველი კალათბურთელის ბოლო მეოთხედში გამოჩენილმა აქტიურობამ განაპირობა ესტონელების გამარჯვება.
“როკერები” აქტიურად ემზადებიან ბალტიის თასისთვის, რომელიც 24-25 სექტემბერს გაიმართება. ერთი ნახევარფინალური წყვილი ლიტვურმა “რიტასმა” და ლატვიურმა “ვენტსპილსმა” შეადგინეს, მეორე – ესტონურმა კლუბებმა “ტარტუ როკმა” და “კალევმა”.