გიორგი ცინცაძემ ლიბანის ჩემპიონატში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი უკრაინული “დონეცკიდან” ლიბანურ “ჩემპვილში” 2 კვირის წინ გადავიდა და რიგით მეოთხე შეხვედრაში ორმაგ დუბლს უწია. სამწუხარო ისაა, რომ ქართველის გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს და ქართველი ლეგიონერის შემატების შემდეგ გამარჯვება ჯერაც ვერ მოუპოვებია.
ამჯერად ჩემპვილელებმა ლიდერ “ამჩიტთან” შინ წააგეს. მიუხედავად ცინცაძის ბრწყინვალე თამაშისა, მასპინძლები უიმედოდ – 93:120 დამარცხდნენ. ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთულში, ყველა თანაგუნდელზე მეტი – 38 წუთი ითამაშა და 17 ქულა, 14 პასი, 6 ჩაჭრა და 5 მოხსნა მიითვალა.
ცინცაძემ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამიანი ჩააგდო. ქართველი გამთამაშებელი “ჩემპვილში” საუკეთესო იყო. მისმა თანაგუნდელმა ფილიპ ტაბეტმა 19 ქულა დააგროვა, ჰუსეინ ელ ხატიბის ანგარიშზე კი 18 ქულა იყო. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, “ამჩიტს” 2 გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს – ევროლიგის გუნდებში თავგამოჩენილი ჯერემი მესი და გასულ სეზონში ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად “ჩემპვილის” ერთ-ერთი ლიდერი ფადი ხატიბი. მესიმ 24 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, ხატიბის ანგარიშზე კი 42 ქულა დაგროვდა.
3 მოგებით და 9 მარცით “ჩემპვილი” მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 22 მარტს, სტუმრად მე-9-ზე მყოფ “ბეჯეჰს” დაუპირისპირდება.