ცინცაძის 8 ქულა და 7 პასი ევროთასის წაგებულ ნახევარფინალში

ცინცაძის 8 ქულა და 7 პასი ევროთასის წაგებულ ნახევარფინალში

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ ევროთასის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ესპანურ „ბილბაოსთან“ შინ 83:93 დათმო და საპასუხო მატჩის წინ თითქმის უიმედო სიტუაციაში აღმოჩნდა. თუკი კიეველები ესპანეთში 10 ქულაზე მეტით ვერ გაიმარჯვებენ, ფინალში თამაში გვერდზე დარჩებათ.
 
რაც შეეხება კიევურ მატჩს, ის „ბუდიველნიკმა“ თითქმის უშანსოდ წააგო. ესპანური გუნდი თავიდანვე დაწინაურდა და მასპინძლებს ახლოს არ იკარებდა. საბოლოოდ კი ხელსაყრელი სხვაობით გაიმარჯვა და ფინალში თამაში, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გაინაღდა.
 

 
ცინცაძეს ცუდად არ უთამაშია. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27,27 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 8 ქულა, 7 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. კიეველთაგან 38 ქულა მოაგროვა ამერიკელმა მალკოლმ დილეინმა, რომლის შემდეგაც მარგი ქმედების კოეფიციენტით ცინცაძე და კიეველთა ლიტველი ლეგიონერი დაინიუს შალენგა მოდიან.
 
საპასუხო მატჩი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში 27 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში რუსულმა “ლოკომოტივმა” ესპანეთში “ვალენსიას” 97:87 მოუგო და ფინალში გასვლა თითქმის გაინაღდა.