საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ რუსეთში „ტრიუმფი“ დაამარცხა. ევროთასის გათამაშების მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიეველები ლიუბეტსკში ადგილობრივ „ტრიუმფს“ შეხვდნენ და დრამატულ ფინალში 85:84 იმარჯვეს.
კიეველებმა პირველ ტურში შინ თურქული „ბანვითი“ დაამარცხეს, ეხლა კი მეორე გამარჯვების მოპოვებით ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. ცინცაძის გუნდმა პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო, თუმცა მესამე პერიოდში 12:27 განადგურდა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 9 ქულით ჩამორჩა. კიეველებმა მატჩის ბოლო პერიოდში შედეგიანად ითამაშეს, რომელიც 20:10 მოიგეს და საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31,24 წუთი გაატარა. ქართველმა გამთამაშებელმა 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ცინცაძეს 9 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. კიეველებს 26 ქულითა და 16 მოხსნით ლეო ლაიონსმა ულიდერა, ხოლო მალკოლმ დილეინმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებით „ბუდიველნიკი“ A ჯგუფის ლიდერია. ჯგუფის მეორე მატჩში „ბანვითმა“ თურქეთში ჩერნიგორიული „ბუდუჩნოსტი“ 89:80 დაამარცხა. მომდევნო მატჩს „ბუდიველნიკი“ 23 იანვარს შინ „ბუდუჩნოსტთან“ გამართავს.
დღესვე ევროთასზე ითამაშა და სანკტ-პეტერბურგში „სპარტაკთან“ დამარცხდა ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“, თუმცა ქართველი ფორვარდი განაცხადში არ იმყოფებოდა.