გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვითიბი ლიგაში ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. დონეცკელებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და ზოგადად ევროპული კალათბურთის მძლავრი წარმომადგენელი – ყუბანის “ლოკომოტივი” დაამარცხეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 22:40 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო.
ბოლო წუთებამდე დაძაბული თამაში მიმდინარეობდა. დონეცკელებმა გაუძლეს ყუბანელების შეტევებს და საკუთარი გულშემატკივრების გასახარად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს – 86:76.
“დონეცკს”, ისევე როგორც “ლოკომოტივს” და “ნიჟნი ნოვგოროდს”, 8 მოგება და 3 მარცხი აქვს და ამ გუნდებთან ერთად 3-5 ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრა ცინცაძის გუნდს 15 დეკემბერს, ყაზანში “უნიკსთან” ელის.
გიორგი ცინცაძე (მარჯვნივ) და ხორვატი კრუნოსლავ სიმონი
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთმანეთს საკლუბო დონეზე შეხვდნენ