ცინცაძის დონეცკური დებიუტი: ყველაფერი ქულის გარდა

დღეს უკრაინულ „დონეცკში“ გიორგი ცინცაძის ოფიციალური დებიუტი შედგა. დონეცკური გუნდი ევროჩელენჯის ტურნირის ეგიდით კრასნოიარსკში „ენისეის“ შეხვდა და 81:92 დამარცხდა.
ცინცაძემ „დონეცკში“ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ითამაშა და „ბკ კიევს“ ამხანაგურ მატჩში 6 ქულა ჩაუგდო. დღეს კი ცინცაძემ ქულის გარდა ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელს გაუსინჯა გემო. ქართველმა გამთამაშებელმა თითო მოხსნა, პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. გიორგიმ 16 წუთის განმავლობაში სამჯერ შეუტია რუსების კალათს, მაგრამ სამივე სროლა ააცილა.
დონეცკელებს 5 თამაშიდან 2 მოგება აქვთ და ჯგუფში, სადაც მეტოქეებად „ბელგაკომი“, რუმინული „პლიეშტი“ და „ენისეი“ ჰყავთ, მესამე ადგილზე არიან.
მომდევნო მატჩს ცინცაძის ახალი გუნდი 12 იანვარს რუმინეთში გამართავს.