გამარჯვებით დაუბრუნდა უკრაინულ სუპერლიგას გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“. ქართველი გამთამაშებლის გუნდმა თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ რეგულარულ ჩემპიონატში თამაში განაგრძო. უკრაინის სუპერლიგაში 14 გუნდია, რომლებიც ერთმანეთში 4 წრედ თამაშობენ. ასე რომ, აქამდე ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ კიეველები ერთი ამდენ შეხვედრას კიდევ გამართავენ.
დღეს გამართულ 27-ე ტურის მატჩში „ბუდიველნიკმა“ „ბეკა კიევს“ უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი ვერ გამოდგა საინტერესო. ერთ დროს ძლიერი „კიევი“ დღესდღეობით დასუსტებულია და სუპერლიგაშ ბოლო ადგილი უკავია. „ბუდიველნიკმაც“ იოლი გამარჯვება მოიპოვა. პირველი ტაიმის 20 ქულით მოგების შემდეგ ცინცაძის გუნდმა დარჩენილი მეოთხედები დათმო, თუმცა საბოლოოდ 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 72:62.
ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26,55 წუთი გაატარა. ცინცაზემ საჯარიმოები უშედეგოდ ისროლა: 5-დან მხოლოდ 1 ჩააგდო. გიორგიმ 3 სამქულიანი ააცილა, ხოლო 5 ორიანიდან 2 ჩააგდო. შესაბამისად, ქართველმა უკანახაზელმა 5 ქულა მოაგროვა, რასაც 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიამატა.
„ბუდიველნიკში“ ბომბარდირი 15 ქულით ლატვიელი რიჰარდს კუკსიკსი გახდა, რომელსაც უკრაინულ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ამერიკელმა ლეო ლაიონსმა.
ცინცაძის გუნდს 27 ტურის შემდეგ 20 მოგება აქვს და სუპერლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩს კიეველები შინ „გალიჩინასთან“ გამართავენ.