საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ბალტიის ლიგის პირველივე მატჩში გამოირჩა, თუმცა მისმა თამაშმა ვერ უშველა “ტარტუ როკს” შვედეთში, ლიგის დებიუტანტ ნორჩიოპინგის “დოლფინსთან” შეხვედრაში.
ესტონურმა გუნდმა შვედეთში თითქმის მოგებული მატჩი წააგო. ძირითადი დროის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე “როკი” 16 ქულით (57:73) იგებდა, თუმცა, დარჩენილ დროში მხოლოდ სამი (!) ქულა მიითვალა, საპასუხოდ კი 19 (ბოლო ორი ქულა შვედებმა საფინალო სირენამდე ერთი წამით ადრე ჩააგდეს) მიიღო და საყაიმო ანგარიშიც დაფიქსირდა – 76:76. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და მოვლენების ასეთმა განვითარებამ, ცხადია, სკანდინავიელებს ფრთები შეასხა, ტარტუელები კი ფსიქოლოგიურად გატყდნენ და საბოლოოდ 9 ქულით, 88:97 წააგეს.
ცინცაძემ 9-დან 5 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ორი სამქულიანი კი ააცილა და 12 ქულასთან ერთად, 7 პასი, 5 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა.გიორგიმ ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, ორი ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი ასევე ორჯერ იუხეშეს. ცინცაძე ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 26.42 წუთი დაჰყო.“როკის” რიგებში ორმაგი დუბლი ამერიკელმა ლეგიონერმა კალისტუს ეზიუკვუმ (17 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, 10-ქულიან ზღვარს კი ტალტსმა (14), ვეიდემანმა (11) და ეიჰფუსმაც (10) უწიეს.
შვედებს ფორვარდმა იოაკიმ კიელბომმა ულიდერა, რომელმაც 16-დან 11 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო და თავი 27 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა. ტარტუელები მორიგ შეხვედრას 5 ოქტომბერს შინ, ლატვიურ “ვალმეირასთან” ითამაშებენ.