ესპანური პრიმერადივიზიონი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი განაგრძობს შედეგიან თამაშს. წინა ტურში “მანრესასთან” შეხვედრაში “სკიტამ” 19 ქულა მიითვალა, ამჯერად კი “გრანადასთან” მატჩში 18 ქულას გამორჩა და “ფუენლაბრადას” შემადგენლობაში ისევ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.
სამწუხაროა, რომ ორივე შემთხვევაში მადრიდელებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს. “მანრესასთან” თამაშის დარად, “ფუენლაბრადას” დასკვნითი წუთები “ჩაუვარდა”. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მასპინძლები 66:65-ს იგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში უამრავი სროლა გააცუდეს და 76:83 დამარცხდნენ.
ცქიტიშვილმა “ფუენლაბრადას” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში 10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, 16 ქულას კი 5 მოხსნა წაამატა. ნიკამ ბურთი სამჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ნიკას გუნდს 5 გამარჯვების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-12 ადგილზე დარჩა.
ტაირონ ელისი კი პირიქით, წარმატებული მატჩების შემდეგ ცოტა მოდუნდა. მისმა “კახასოლმა” “კახა ლაბორალთან” გასვლითი მატჩი 66:73 წააგო, საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა კი თამაშიდან განხორციელებული 8 სროლიდან მხოლოდ 2 ჩააგდო.
ელისმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, 5 ქულას კი 1 პასი წაამატა და 2 ჯარიმა მიიღო.
სევილიელთა რიგებში საუკეთესო ეარლ კალოვეიმ 16 ქულა მიითვალა, “კახა ლაბორალის” ლიდერმა ტელეტოვიჩმა კი 26 ქულა ჩააგდო.
“კახასოლს” 8 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და ჩემპიონატში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.
29 დეკემბერს სევილიელები “ალიკანტეს” უმასპინძლებენ, ხოლო “ფუენლებრადა” “ვალიადოლიდს” ესტუმრება.
გერმანული ბუნდესლიგა
გერმანიის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა ლაშა გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა”. “მგლებმა” “ტრირი” მე-2 ტაიმში გატეხეს და 78:61 მოიგეს, ქართველმა გამთამაშებელმა კი 11.43 წუთში 3 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გამყრელიძემ სამივე ორქულიანი ააცილა, 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 1 ჯარიმა მიიღო. “მიტელდოიჩერის” რიგებში საუკეთესო ადე დაგუნდურომ 20 ქულა ჩააგდო.
15 ტურის თავზე 9 გამარჯვებით, გამყრელიძის კლუბი მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 30 დეკემბერს “გიესენთან” ჩაატარებს.