ესპანური პრიმერადივიზიონი
ნიკა ცქიტიშვილის „ფუენლაბრადამ“ მორიგი ტურის მატჩი შინ „გრან კანარიას“ 81:76 მოუგო და ამაში ქართველი ლეგიონერის წვლილიცაა. „სკიტამ“ 7 ქულა და ამდენივე მოხსნა შეაწია თავისიანებს, მოედანზე კი მთლიანობაში 20 წუთით იმყოფებოდა.
ცქიტიშვილმა 4 მცდელობიდან, 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა, ხოლო 3 სამიანი მიზანს ააცილა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 2–ჯერ დაუფარა მოწინააღმდეგეებს და მთლიანობაში, სტატისტიკური მონაცემების გამაერთიანებელი კოეფიციენტით თავის გუნდში მხოლოდ ერთ მოთამაშეს, იოაკიმ კოლომს ჩამორჩა, რომელმაც 18 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
ეს ფუენლაბრადელთათვის მე–10 გამარჯვება იყო და ისინი ისევ მე–13 ადგილზე არიან, თუმცა გათამაშების ცხრილში ისეთი სივიწროვეა, რომ საპლეიოფო რვეულში შეღწევა არც ისე რთულია – თუ, რა თქმა უნდა, მომდევნო მატჩებში უკეთესი წარმატებით ითამაშებს „ფუენლაბრადა“.
მომდევნო მატჩს ცქიტიშვილის გუნდი 14 მარტს სტუმრად „ხუვენტუდთან“ გამართავს.
ადრიატიკის ლიგა
მორიგი ტურის მატჩი გამართა და ისევ მარცხი იწვნია ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“, რომელიც ამჯერად სტუმრად ბოლოადგილოსან „ბოსნასთან“ 83:87 დამარცხდა. ზადარელები სავარაუდოდ ვეღარ მოხვდებიან პლეი ოფში, სადაც 4 საუკეთესო გუნდი გადის. ამჯერად „ზადარი“ 7 ადგილზეა.
რაც შეეხება ბოისას, მას ტრავმა აწუხებს და ზედიზედ მეორე მატჩია, არ თამაშობს.