ცქიტიშვილის 9 ქულა და 7 მოხსნა

ცქიტიშვილის 9 ქულა და 7 მოხსნა

ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ამ ზაფხულს „ლაგუნ აროში“ გადავიდა, პრიმერადივიზიონის პირველ ტურში თავის ყოფილ გუნდ „ფუენლაბრადას“ სტუმრად ხვდებოდა. ქართველმა ლეგიონერმა საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი წაგებას მაინც ვერ ასცდა – 64:71.
 
ცქიტიშვილს თამაში ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრი, 28 წუთი გაატარა და 9 ქულასთან ერთად 7 მოხსნაც მიითვალა. ნიკამ 6–დან 2 ორქულიანი, 5–დან 1 სამიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. „ლაგუნ აროში“ ცქიტიშვილი მოხსნებში მხოლოდ დევიდ დოლბასს (9 მოხსნა) ჩამორჩა, ქულებში კი მასზე მეტი იმავ დოლბასმა (12) და ჯიმი ბარონმა (19) ჩააგდო.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ტორინ გრინი კი ვერაფრით გამოირჩა. მისი „გრან კანარია“ ბარსელონაში თამაშობდა და კატალონიურ გრანდთან უშანსოდ – 58:83 წააგო. გრინმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და ერთადერთი ქულა მოაგროვა. მან სამი საჯარიმოდან 1 ჩააგდო, ხოლო ორივე ორქულიანი ააცილა. გრინმა 1 მოხსნა მიითვალა და შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია. უნდა აღინიშნოს, რომ მისმა ბარსელონელმა ოპონენტმა რიკი რუბიომ მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, თუმცა ახალგაზრდა ესპანელი ვარსკვლავის ანგარიშზე 11 პასი დაგროვდა.