საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ნიკა ცქიტიშვილი იაპონიის საკალათბურთო ლიგას უშინაურდება და წარმატებულ ნაბიჯებს დგავს. მისი კლუბი „ტოჩიგი ბრექსი“ კი თმაშს თამაშზე იგებს და უკვე ლიდერებშიც გაერია.
იაპონური ლიგის ფორმატით ყველა გუნდი ტურში 2-2 მატჩს (2 დღეში) მართავს ყოველ მეტოქესთან. ტოჩიგელების მორიგი მსხვერპლი „ჰიროშიმა დრაგონფლაისი“ გახდა, რომელიც ცქიტიშვილის გუნდმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა.
პირველ შეხვედრაში ტოჩიგელებმა მეტოქე 98:66 გაანადგურეს და ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მე-2, 87:67 მოგებულ მატჩში ქართველი ფორვარდი კიდევ უფრო შედეგიანი იყო. მან 21 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.
მორიგი მატჩები „ტოჩიგი ბრექსს“ 5 და 6 დეკემბერს კუნძულ ჰოკაიდოს ქალაქ საპოროს გუნდთან აქვს.