პირველი მატჩის დარად, ნიკა ცქიტიშვილმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე კვლავ 12 ქულა მოაგროვა. “დეტროიტ პისტონზთან” 73:96 წაგებულ შეხვედრაში “სკიტამ” “ნიუ იორკის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 19 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
მიუხედავად ასე მცირე სათამაშო დროისა, ცქიტიშვილმა 8 სამქულიანის სროლა მოასწრო, საიდანაც 4 ზუსტი გამოდგა. ამის გარდა მან ერთხელ შეუტია საშუალო მანძილიდან, მაგრამ მიზანში ვერ გაარტყა.
ნიუ იორკელთა რიგებში ცქიტიშვილი მხოლოდ ჯორდან ჰილს (14 ქულა, 5 მოხსნა) ჩამორჩა, “დეტროიტის” გამარჯვების მიზეზი კი ორი კალათბურთელია – ოსტინ დეიმ 27 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო დეჟუან სამერსმა – 26 ქულა და 8 მოხსნა.
საზაფხულო ლიგის პირველ მატჩში “ნიქსმა” “მემფის გრიზლისთან” 86:90 წააგო და ცქიტიშვილის მონაგარი მაშინაც 12 ქულა გახლდათ, თუმცა იმ შეხვედრაში ნიკამ 25 წუთს ითამაშა.
ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში ცქიტიშვილის გუნდი კიდევ სამ მატჩს ჩაატარებს, მეტოქეები კი “საკრამენტო კინგზი” (17 ივლისი), “მილუოკი ბაქსი” (18 ივლისი) და “ვაშინგტონ უიზარდსი” (19 ივლისი) იქნებიან.