ცქიტიშვილმა “მაჰრამს” ვერ უშველა

ცქიტიშვილმა “მაჰრამს” ვერ უშველა

ნიკა ცქიტიშვილის ჩინებული გარჯის მიუხედავად თეირანის „მაჰრამმა“ მარცხი განიცადა. დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში ნიკოლოზ ცქიტიშვილის “მაჰრამი” ლიბანში ბეირუთის “ალ რიადის” ესტუმრა და 87:91 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა 38 წუთს ითამაშა და სტუმართა რიგებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ცქიტიშვილი ტრადიციულად თეირანელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 38 წუთში 14-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 21 ქულას 7 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარებაც წაამატა.
ცქიტიშვილს მაჰრამელთა რიგებში საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი (27) აღმოაჩნდა, მის გარდა კი სტუმართა მხრიდან სენეგალელი პაპე სოუ (23 ქულა) და ირანელები – ხაბაჰრამი (18) და ყამრანი (17) გამოირჩნენ. ლიბანურ კლუბს ამერიკელმა ლეგიონერმა დევარიკ სპენსერმა ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 39 ქულა ჩააგდო.
აზიური თასის ფინალური სერიის მე-2 მატჩს ხვალ, ისევ ბეირუთი უმასპინძლებს, მომდევნო სამივე შეხვედრა კი, თუ ამის საჭიროება შეიქნა, ირანში ჩატარდება.