ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელიც ამჯერად უგუნდოდ იმყოფება, ნბა–ს საზაფხულო კემპზე პირველი მატჩი ჩაატარა და “ნიუ იორკ ნიქსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. “მემფის გრიზლისთან” შეხვედრაში “სკიტამ” ნიუიორკელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25 წუთსა და 30 წამში გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.
ცქიტიშვილმა 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ნიქსის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს კიდევ ოთხმა კალათბურთელმა უწია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “მემფისის” ფორვარდი დარელ არტური გახდა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.
ქართველი ფორვარდი კემპზე 55-ნომრიანი მაისურით თამაშობს, როგორც ეს 3 წლის წინ, „ნიუ იორკში“ თამაშისას იყო. ცქიტიშვილმა ამ გუნდში 2006-07 წლების სეზონში სამიოდ თვე დაჰყო და მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი გუნდში ხელახლა დამკვიდრებას ცდილობს.
ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში ცქიტიშვილი და “ნიქსი” კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებენ. მათგან უახლოესი ხუთშაბათ დილით “დეტროიტ პისტონზის” წინააღმდეგ შედგება, შემდეგ კი რიგში “საკრამენტო კინგზი” (17 ივლისი), “მილუოკი ბაქსი” (18 ივლისი) და “ვაშინგტონ ვიზარდსი” (19 ივლისი) არიან.
დარელ არტური და ნიკოლოზ ცქიტიშვილი