ცქიტიშვილს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ ბოისა ესპანეთიდან ხორვატიულ „ზადარში“ გადაბარგდა, პრიმერადივიზიონში საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე დარჩა და მათ გასულ უქმეებზე 25-ე ტურში მიიღეს მონაწილეობა.
 ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ” ვლადიმერ ბოისას ყოფილ კლუბ “ვივემენორკასთან” გასვლითი მატჩი 75:78 დათმო, ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
ცქიტიშვილმა მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში იასპარეზა და 22 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. “სკიტამ” 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
„ფუენლაბრადა“ 11 გამარჯვებითა და 11 წაგებით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
ვალენსიის “პამესა” “გრანადას” ესტუმრა და 71:69 იმარჯვა, ვალნსიელთა ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ კი მხოლოდ 18 წამს ითამაშა.
ცხადია, ხსენებულ დროში შენგელიამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, მისი კლუბი კი 13 მოგებითა და 11 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრის ტაირონ ელისის “კახასოლმა” “ბილბაოს” 80:66 სძლია, თუმცა 5 მოგებითა და 18 მარცხით მაინც ბოლო ადგილზე რჩება.
ელისმა 31 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 10 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა შეაწია.
ტაირონმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, “კახასოლის” რიგებში საუკეთესო ტაკერმა კი 18 ქულა მიითვალა.
 

ბურთითაა ნიკოლოზ ცქიტიშვილი