მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ათენის „პანათინაიკოსი“ დრამატულ მატჩში 68:67 დაამარცხა და საბერძნეთში მიმდინარე ნიკოს გალისის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე, სალონიკის „არისს“ შეხვდება.
ქართველმა ლეგიონერმა მოსკოვურ გრანდში მეოთხე მატჩი ჩაატარა. მან ზედიზედ მეორედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და მოედანზე პირადსარეკორდოდ ბევრი – 34:06 წუთი გაატარა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ცსკა ძირითადი ხუთეულის 3 კალათბურთელის გარეშე თამაშობდა. ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ სონი ვიმსი და ვიქტორ ხრიაპა, ხოლო სერბი მილოშ თეოდოსიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჯერაც არ შეერთებია არმიელებს.
მატჩი ძალიან დრამატული ფინალით დასრულდა. ცსკა-მ, რომელიც თავიდან იგებდა, ბოლო მეოთხედში 10 ქულით ჩამორჩა. სწორედ ამ დროს დარბაზში 24 წამის დამთვლელი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა დ მის შეკეთებას გარკვეული დრო დასჭირდა. თამაშის განახლება და არმიელთა გააქტიურება ერთი იყო – ცსკა-მ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა როგორც მოსკოველთა ვებ-გვერდი იტყობინება, საკვანძო მომენტში ფარქვეშიდან ჩაგდება ვერ მოახერხა მოსკოველთა ამერიკელმა ლეგიონერმა კაილი ჰაინსმა, ხოლო მარკოიშვილმა სამიანი ააცილა.
თითქოს ყველაფერი დარულდა, მატჩის ჩამთავრება ფორმალობას წარმოდგენდა, თუმცა მოსკოველთა ტაქტიკურმა ჯარიმებმა გაამრთლა. დიმიტრის დიამანტიდისმა ბოლო წუთზე 6-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდო, რითაც ცსკა-მ კვლავ 3 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა და შეტევის უფლებაც მოიპოვა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ვიტალი ფრიდძონმა სამქულიანი იმის მიუხედავად ჩააგდო, რომ მასპინძელთა მცველი მასზე დაჯარიმდა. ფრიდძონმა საჯარიმოც მიითვალა და როცა ათენელებმა ბოლო შეტევა გააცუდეს, ცსკა-მ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ლეგიონერმა გამარჯვებისთვის დიდი სამუშაო გასწია. მარკოიშვილის შემდეგ მოსკოველთაგან ყველაზე მეტი ფრიდზონმა (26:29 წუთი) ითამაშა. მარკოიშვილი უფრო დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული და ამიტომაც მწვრთნელმა, დიმიტრის იდუტისმა ის დიდ ხანს ათამაშა. მარკოიშვილმა 5-დან 1 ორქულიანი, 7-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
ცსკა-ში 16 ქულით ბომბარდირი აარონ ჯეკსონი გახდა, ფრიდზონმა 13 დააგროვა, ხოლო დემეტრის ნიკოლსმა – 11. პანათინაიკოსელთაგან 11-11 ქულით ესტებან ბატისტა და ნიკოლას პაპასი გამოირჩნენ.
ნიკოს გალისის მემორიალის ფინალში ცსკა თურქული „ბანვითის“ მძლეველ „არისს“ შეხვდება.