ტურის მატჩი: სოხუმი VS რუსთავი

ტურის მატჩი: სოხუმი VS რუსთავი

მესამე ტური ბათუმში ხვალ, 12 ნოემბერს დაიწყება, რომელიც  შაბათს თბილისის სპორტის სასახლეში, 4 მატჩით
დასრულდება. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ენერჯი–ინვესტი“ შეხვდებიან.

 

3 ამერიკელი ლეგიონერით გაძლიერებულმა სოხუმელებმა წინა ტურში
თსუ–სთან ქულით წააგეს, პირველ ტურში კი სსაუ დაამარცხეს. რუსთაველებმა კი ორივე
მეტოქეს აჯობეს – ჯერ ქუთაისში იმარჯვეს, წინა ტურში კი შინ სტუ–ს აჯობეს. თუმცა
გასულ შედეგებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, „სოხუმისა“ და „ენერჯის“ დაპირისპირება
საკმაოდ დაძალული და საინტერესო უნდა გამოვიდეს. ვაჟა კვარაცხელიასა და დიმიტრი
ჟაკობოვის დამოძღვრილ „სოხუმს“ ჯერაც მოსამატებელი აქვს, რადგან მესამე ამერიკელი
თსუ–სთან მატჩამდე 2 დღით ადრე ჩამოვიდა და გუნდელებთან შეთამაშება აკლდა.

 

თავის მხრივ, რუსთაველებსაც ჰყავთ ახალი ლეგიონერი. სამუელ ლამუ
შედარებით ადრე ჩამოვიდა და „ენერჯი–ინვესტს“ დუდუ დადიანის მემორიალზეც დაეხმარა,
რომელიც რუსთაველებმა მოიგეს. სხვათა შორის, „ენერჯი“ და „სოხუმი“ დადიანის
მემორიალზე ჯგუფში ერთად იყვნენ და ფინალში გასასვლელი ურთიერთშეხვედრა რუსთაველებმა
ქულით მოიგეს.

 

ორივე გუნდის წევრები მწყობრში არიან, ტრავმა არავის აწუხებს და ბრძოლაც
საინტერესო უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება ტურის დანარჩენ მატჩებს, გამოსარჩევია
თსუ–სა და „სამედიცინოს“ დაპირისპირება. თავდაპირველად ეს მატჩი იყო შერჩეული
ცენტრალურად, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა.