U22: სოხუმი-საქართველო პირველი ნახევარფინალისტია, ვსა-მ სპორტუნის გაუთანაბრა

U22: სოხუმი-საქართველო პირველი ნახევარფინალისტია, ვსა-მ სპორტუნის გაუთანაბრა

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი “სოხუმი-საქართველოა”. მახო გელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსთავში მოგებით დაწყებული მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დააგვირგვინა. სოხუმელებმა მეორე მატჩიც მოუგეს ქვემოქართლელებს და სერიაში 2:0 დაწინაურების შედეგად ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

რუსთაველები თბილისში, ცხადია, მოსაგებად ჩამოვიდნენ და მძლავრი პირველი ნახევარიც ჩაატარეს, რის შემდეგაც 42:41 იგებდნენ, თუმცა სოხუმი-საქართველომ მესამე პერიოდში გარდატეხა მოახდინა და დაწინაურდა. თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გაირკვა, საკმაოდ დაძაბულ ფინალში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ 12-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს – 81:69 (სტატისტიკა)

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ისევ ალეკო ვახტანგაძე გახლდათ, რომელმაც ამჯერად 25 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 21 ქულა და 12 მოხსნა გიორგი მირცხულავამ მოინაგრა, ორმაგი დუბლი დაგროვდა საბა შარვაშიძის ანგარიშზეც – 17 ქულა, 11 მოხსნა. რუსთაველთაგან 12-12 ქულა სამმა მოთამაშემ დააგროვა – ლუკა ტაბაღუამ, ლევან ტურაშვილმა და ნიკოლოზ გოგობერიშვილმა. 

სოხუმი-საქართველოს ნახევარფინალური მეტოქე ქუთაისისა და სოხუმის კოლხას დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. სავარაუდოდ ეს იქნება იმერული კლუბი, რომელმაც გუშინ, ქუთაისში დაწყებული მეოთხედფინალური სერია გამანადგურებელი გამარჯვებით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა კოლხა 112:64 (სტატისტიკა) დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა, სადაც სოხუმი-საქართველო ელოდება.

პლეი ფის ბადის მეორე მხარესაც 2 წყვილი თამაშობს. დღეს, თბილისი არენაზე ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 80:70 (სტატისტიკა) დაამარცხა სპორტუნი და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 4 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

და მეოთხე წყვილის მატჩი ცტა ხნის წინ დასრულდა. ბასკო 2-მა, რომელიც თითქმის მთელი თამაში აგებდა, ბოლო პერიოდში გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობისა და შეუპოვრობის ხარჯზე 81:78 (სტატისტიკა) დაამარცხა “ოვერტაიმი”. მატჩის გმირი გახდა გიორგი კობახიძე, რომელმაც ბოლო წამზე გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო, მანამდეც არაერთი შორი სროლა მიითვალა და ბათუმელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

კობახიძემ შეხვედრა 25 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. 16 ქულა და 13 მოხსნა საბა სალაძის ანგარიშზეა. ამ გუნდების სერიის მეორე მატჩი 4 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე გაიმართება.