საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლენილია. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ, მესამე შეხვედრაში ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ (ვსა) სრული დომინაცია აჩვენა და „ვინგსი“ დამაჯერებლად დაამარცხა. ნიკა ბიწკინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი ისეთი ფურორით დაიწყო, რომ სერიის ბედი ფაქტობრივად პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა.
მატჩი აკადემიელების სრული უპირატესობით დაიწყო. ნიკა ბიწკინაშვილის შეგირდებმა პირველივე პერიოდში მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და მეოთხედი 15-ქულიანი სხვაობით, 30:15 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე პერიოდში ნიკა ბურჯანაძის „ვინგსმა“ თამაშის გათანაბრება და სხვაობის ოდნავ შემცირება შეძლო (24:15 ვინგსის სასარგებლოდ), ვსა-მ დიდ შესვენებაზე ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.
თამაშის მეორე ნახევარში ვსა-მ კონტროლი დაიბრუნა – მესამე პერიოდი ფაქტობრივად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა (24:23), ხოლო დასკვნით ათწუთეულში აკადემიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი სიძლიერე (26:17), საბოლოოდ კი ტაბლოზე სოლიდური სხვაობა, 95:79 დაფიქსირდა.
ლიდერები და სტატისტიკა
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო გიორგი ნიკოლაევი, რომელმაც 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, მას მხარი დავით გოგოლაძემ (17 ქულა, 5 პასი), ანდრია ცერცვაძემ (15 ქულა), ვატო გაჩეჩილაძემ (10 ქულა, 9 მოხსნა) და გიორგი დონაძემ (10 ქულა) აუბეს. ნიკა ბურჯანაძის გუნდში კი გამორჩეული მატჩი ჰქონდა ირაკლი ახალაიას, რომლის 34 ქულა და 7 მოხსნა „ვინგსისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა, მასთან ერთად ორნიშნა მაჩვენებლები სანდრო რობაქიძემ და თემურ კაპანაძემ (10-10 ქულა) დააფიქსირეს, ხოლო ანდრია მდინარაძემ და გაბრიელ ბალანჩივაძემ გუნდს 8-8 ქულა შესძინეს.
ფინალური სერია: რუსთავი VS ვსა
ამ გამარჯვებით ვსა ფინალში გავიდა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის ტრიუმფატორს, „რუსთავს“ დაუპირისპირდება. წინ დიდი ბრძოლაა, რომელიც 14 მაისს რუსთავში, „ქიმიკოსთა დარბაზში“ დაიწყება.
ფინალური სერიის განრიგი:
-
14 მაისი, 19:00 – რუსთავი (ქიმიკოსთა დარბაზი)
-
17 მაისი, 18:00 – ვსა (დიღომი არენა)
-
19 მაისი, 19:00 – რუსთავი (საჭიროების შემთხვევაში)
