უძლეველ არმადას პაუ გასოლმა ულიდერა

უძლეველ არმადას პაუ გასოლმა ულიდერა

ევრობასკეტის ბორძიკით დაწყების შემდეგ ძველმა ჩემპიონმა ესპანეთმა ტიტულის მოქმედი მფლობელი საფრანგეთი 27 ათასი გულშემატკივრის წინაშე დასცა და ფინალში გავიდა. პაუ გასოლმა და მისმა უძლეველმა არმადამ ფრანგებს კლასიკური ბოლო პერიოდი ჩაუტარეს, რომლის მსვლელობისას 10 ქულით აგებდნენ, მაგრამ ეს სხვაობა იმ გუნდისთვის რაა, სადაც გასოლი თამაშობს.
სამეფო ოჯახიდან გამოსულმა გენიალურმა კალათბურთელმა არც მანამდე დააკლო, თუმცა ბოლო პერიოდში მთლად აიკლო ფრანგების ფარქვეშეთი. გასოლი იყო ესპანელების ბურჯი, რომელზეც გადიოდა თითქმის ყველა შეტევა. შესანიშნავად ირჯებოდა შეტევაში სერხიო როდრიგესიც, რომელმაც არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით მიითვალა, თუმცა რომ არა გასოლი, ესპანელებს წაგება არ ასცდებოდათ.

ესპანელები წააგებდნენ, რომ არა ის დაცვითი ჯებირი, რომელიც ფრანგებისთვის ბოლო პერიოდში თითქმის გადაულახავ ბარიერად იქცა. ტონი პარკერი განეიტრალდა, გაქანება არ ჰქონდათ ნიკოლას ბატუმსა და ნანდო დე კოლოს. გასოლი კი ქულას ქულაზე აწებებდა, 10-ქულიანი ჩამორჩენა კი ლღვებოდა და ძირითადი დროის ბოლო წუთზე 3-ქულიან ლიდერობად იქცა.
ფრანგები გადაარჩინა ბატუმმა, რომელმაც სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ესპანელებს ძირითადში ჰქონდათ შეტევისთვის საკმაო 14 წამი, მაგრამ მატჩის გმირ გასოლს ზედ ფარის წინ დაუფარა ფრანგების ამომავალმა ვარსკვლავმა, გოლიათმა რუდი გობერმა. ეს ბიჭი იყო, გასოლს რომ მეურვეობდა და როცა ის მოედანზე იყო, ფრანგები იმედიანადაც იყვნენ, თუმცა ოვერტაიმში ის მოედნიდან გავარდა და გასოლმა საბოლოოდ დაასამარა მასპინძელთა საფინალო იმედები.
2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგების გამო ესპანეთმა ფრანგებს რევანში აუღო. მაშინაც ოვერტაიმი დაინიშნა და ფრანგებმა 75:73 იმარჯვეს. წუხანდელი ნახევარფინალის ბედი დამატებით დროში ესპანელთა სასარგებლოდ გადაწყდა. სერხიო სკორიოლოს გუნდის საფინალო მეტოქე დღეს, გვიან ღამით გამოვლინდება. მეორე ნახევარფინალში სერბეთი ევრობასკეტის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვას ეთამაშება.
ესპანეთი – საფრანგეთი 80:75 (17:20), 15:13, 16:23, 18:10, ო.ტ 14:9) ესპანეთი: გასოლი (40ქ, 11მ, 1პ), როდრიგესი (15ქ, 4მ, 3პ), ფერნანდესი (7ქ, 5მ, 1პ), ლული (7ქ, 3მ, 5პ), მიროტიჩი (7ქ, 2მ, 3პ). საფრანგეთი: ბატუმი (14ქ, 7მ, 2პ), დე კოლო (14ქ, 4მ, 3პ), ლუვერნი (11ქ, 1მ), პარკერი (10ქ, 4მ, 6პ), ჟელებალე (10ქ, 2მ, 1პ), გობერტი (8ქ, 13მ)