უჯონსონო “ატლანტა” ეშხში შევიდა

უჯონსონო “ატლანტა” ეშხში შევიდა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ატლანტელებზე დადებითად იმოქმედა გუნდის ლიდერ ჯო ჯონსონის ტრავმამ. „ჰოუქსმა“ სეზონი მძლავრად კი დაიწყო და ზედიზედ 6 მატჩიც მოიგო, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდა და მარცხების სერია მიეწყო. „ქორები“ თავს ნელ–ნელა აღწევდნენ კრიზისს და ამ დროს მათ ჯონსონი დაემტვრათ, რომელმაც მაჯის ტრავმა მიიიღო და გუნდს სავარაუდოდ თვენახევრით გამოაკლდა. სწორედ ამის შემდეგ ათამაშდა „ატლანტა“ და ლიდერის დაკარგვიდან მოყოლებული 4 გამარჯვება მოიპოვა.
 
ატლანტელებმა გუშინ მათთვის უხერხულ მეტოქე „ორლანდოს“ მოუგეს, დღეს კი „ნიუ ჯერსი“ დაამარცხეს – 116:101. ჯონსონის გამოკლების შემდეგ მწვრთნელმა რამდენიმე გადაადგილება მოახდინა, თუმცა ეს ფაჩულიას სასიკეთოდ არ მომხდარა. კერძოდ, ხუთეულში გამოჩნდა ახალი ფიგურა, ცენტრი ჯეისონ კოლინსი, ხოლო აქამდელმა სასტარტო ცენტრმა ალ ჰორფორდმა თავდამსხმელის პოზიციაზე ჩაიწია. ჯეისონი 32 წლის ცენტრია, რომელსაც ნბა–ში თამაშის 11 წლის მანძილზე მატჩში საშუალოდ 4 ქულა და 4 მოხსნა აქვს გაკეთებული. კოლინსმა „ნიუ ჯერსისთან“ მატჩში 20 წუთამდე ითამაშა და 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თითქმის ანალოგიური შედეგი ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, თუმცა მხოლოდ 13 წუთში: 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. ზაზამ 3–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.
 

ჯეისონ კოლინსი მოედანზე ძირითადად ჭიდაობით იყო დაკავებული
 
ატლანტელებისთვის ეს გახლდათ მე–15 გამარჯვება 8 მარცხის წილ და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5 ადგილზე რჩებიან. მომდევნო მატჩი “ქორებს” 10 დეკემბერს სან ანტონიოში ელით.