უკრაინამ ბოლო მატჩი 3 ქულით მოგვიგო და გიორგი ცირეკიძე შეგვიქო

უკრაინამ ბოლო მატჩი 3 ქულით მოგვიგო და გიორგი ცირეკიძე შეგვიქო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინული ტურნე დაასრულა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებთან საწყისი 2 მარცხის შემდეგ მესამე შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთზე მასპინძლებს გაუმართლათ და 71:74 დავმარცხდით.
 
საქართველოს ნაკრებში ჩინებულად ითამაშა ქუთაისელმა გიორგი ცირეკიძემ, რომელზეც უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვებ–გვერდმა დაწერა: „ქართველების მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა უკრაინელ ვიზავის სიურპრიზი მოუმზადა გიორგი ცირეკიძის სახით, რომელმაც წინა მატჩი საერთოდ გამოტოვა, ხოლო პირველ შეხვედრაში გამორჩეული არ ყოფილა. ცირეკიძემ ქართველების მთლიანად მოპოვებული ქულების მესამედზე მეტი ჩააგდო – 25 ქულითა და შეტევაში მოპოვებული 5 მოხსნით მან დიდი პრობლემები შეუქმნა უკრაინელებს. სანამ გიორგი მოედანზე იყო, დაახლოებით თანაბარი თამაში მიდიოდა, ხოლო მესამე მეოთხედში მწვრთნელმა ცირეკიძე მოედნიდან გაიყვანა და მასპინძლების უპირატესობამაც ამ დროს გადააბიჯა 10–ქულიან ზღვარს“.
 

 
ცირეკიძე კვლავ დაბრუნდა მოედანზე, ამასობაში წინა მატჩში ტრავმირებული ირაკლი მიქელაძეც ამოქმედდა, ფოთელმა დებიუტანტმა, კახა ჯინჭარაძემაც შეაშველა ჩვენებს ხელი და ქართველებმა ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მომენტში უკრაინელებს გაუმართლათ. მათმა ლიდერმა ანატოლი შუნდელმა საჭირო ბურთები ჩააგდო და საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
 
საქართველოს ნაკრებმა ამით დაასრულა უკრაინული ტურნე და საქართველოში გამობრუნდა. ბერუაშვილის ნაკრები ევროჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მომზადებას თბილისში გააგრძელებს.
 
უკრაინა (U-18)  74:71  საქართველო (U-18)
19:17, 18:15, 21:17, 16:22
 
უკრაინა: შუნდელი (19ქ, 5მ, 3პ), სმირნოვი (14), არტამონოვი (10)
საქართველო: ცირეკიძე (25ქ, 7მ, 3ჩ), მიქელაძე (11ქ, 7მ, 5პ, 5ჩ), ჯინჭარაძე (10ქ, 4მ), ნადირაძე (7ქ, 5მ)
 
მატჩის ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=04eYfAN-JhM&feature=player_embedded#at=95
 
 

საქართველო – უკრაინის მატჩს უკრაინის კალათბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ვოლკოვიც დაესწრო