უკრაინაში 2015 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკიან ლუბკივსკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონტინენტის პირველობას უკრაინა ვერ უმასპინძლებს. გადაწყვეტილებას საბოლოოდ ფიბა-ევროპა მიიღებს, თუმცა უკვე ცხადი ხდება, რომ ევრობასკეტი უკრაინაში აღარ გაიმართება.
“დღეს არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, წარმოუდგენელია ევრობასკეტი 2015-ისთვის მომზადება. ასეთი მასშტაბური პროექტის სამზადისი რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც უპირველესად, სისტემურ დაგეგმარებასა და კომპლექსურ საორგანიზაციო ღონისძიებებს მოიცავს.ასეთი პროექტების განხორციელებას წლობით სამზადისი და ათასობით ადამიანის ძალისხმევა სჭირდება.პირველი და უმთავრესი ფაქტორი რუსეთის აგრესიაა უკრაინის მიმართ, რამაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არასტაბილურობა გამოიწვია” – აცხადებს ლუბკივსკი უკრაინულ მედიასთან საუბარში.
უკრაინელებს სურთ, რომ ფიბა-ევროპამ უკრაინას 2017 წლის ევრობასკეტის გამართვის უფლება მისცეს, ხოლო 2015-ში კონტინენტის პირველობას სხვა ევროპულმა ქვეყანამ უმასპინძლოს. ამ თხოვნით ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოს უკრაინელები ამ დღეებში მიმართავენ, ფიბა-ევროპა კი ვერდიქტს სავარაუდოდ 23 მარტს გამოიტანს.
მარკიან ლუბკივსკი