ვეტერანები იტალიაში მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდნენ

ვეტერანები იტალიაში მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდნენ

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ მონტეკატინიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი განიცადა და პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთისა და კოლუმბიის ნაკრებები გაანადგურეს და პლეი ოფში გავიდნენ, სადაც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონსა და ახლაც ტიტულის უპირობო მაძიებელ იტალიის ნაკრებს შეხვდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქართველები ბოლომდე ინარჩუნებდნენ შანსს, თუმცა დასკვნით წუთებში შტურმის მოწყობა ვერ მოახერხეს და 15 ქულით – 87:102 დამარცხდნენ. შეგახსენებთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი.
საქართელოს ნაკრები ახლა საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება და ოთხეულს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად ტურნირის მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს.