ვეტერანი კალათბურთელი და აკადემიკოსი – ვაჟა გვანცელაძე 85 წლის გახდა

ვეტერან კალათბურთელსა და ღვაწლმოსილ ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიკოსს და ღირსეულ პიროვნებას, ბატონ ვაჟა გვანცელაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ვაჟას იუბილეს და ჯანმრთლობას, სიმხნევესა და წარმატებებს უსურვებს
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.
1959-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სტომატოლოგიური და პროფილაქტიკური მედიცინის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1970-1989წწ. დოცენტი; 1989-1994წწ. პროფესორი; 1994-2001წწ. შინაგან სნეულებათა და დიაგნოსტიკის თერაპიის კათედრის გამგე; 2001-2006წწ. შინაგანი სნეულების მე-5 კათედრის პროფესორი; 2006-2008წწ. სამედიცინო ინსტიტუტ “დასტაქარის” თერაპიის კათედრის გამგე, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული და კარდიოლოგიური განყოფილებების კონსულტანტი. არის 68 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოებისა და წიგნების ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -“პანკრეასის გარე სეკრეციულ ფუნქციაზე ზვარეს მინერალური წყლის მოქმედების კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევა”, დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – “ქრონიკური გასტრიტის კლინიკო-მორფო ფუნქციური ფორმები”, დაიცვა 1988 წელს მოსკოვში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
გასტროენტეროლოგიური საზოგადოების გამგეობა, წევრი
თბილისის “დინამოს” ოსტატ კალათბურთელთა გუნდი, წევრი (1950-1959)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური საბჭო, წევრი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედაგოგიური საბჭო, წევრი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველთა საბჭო, წევრი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
ინტერნისტთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
ცენტრალური მეთოდკომისია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2003 – ღირსების ორდენი
1954 – სპორტის ოსტატი
1950 – საქართველოს ჩემპიონი
1948 – სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის კალათბურთში
სსრკ ზამთრის თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი
სსრკ თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი
————————————————————————————
დღეს სპორტულ გაზეთ „ლელოში“ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა ბატონ ვაჟას იუბილესთან დაკავშირებით, სადაც იუბილარი წარსულის საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს…
სამი სიმაღლე
“დინამოელთა მიზანი იყო მეტად მაღალი ტანის კრუმინშის (221 სმ) იერიშების უვნებელყოფა და, უნდა ითქვას, რომ ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა გვანცელაძემ. მან აგრესიული თამაშით რიგელს 5 ჯარიმა მიაღებინა და თამაშიდან გამოთიშა~, _ წერდა 1955 წლის 2 თებერვალს გაზეთი `ლელო~ საკალათბურთო მიმოხილვაში, რომელიც სტალინგრადში გამართულ საბჭოთა კავშირის XVI ზამთრის პირველობას ეხება. მაშინ თბილისის `დინამომ~, რომლის რიგებში ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ალექსანდრე კილაძე, ვაჟა ჟღენტი, გურამ მინაშვილი, ლევან ინწკირველი, გურამ აბაშიძე, ჯუმბერ ნიჟარაძე, ვაჟა გვანცელაძე, დავით გოძიაშვილი და მიხეილ ასიტაშვილი გამოდიოდნენ, რიგის ოფიცერთა სახლის გუნდს 54:44 სძლია. იმავე ტურნირზე ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინელებსაც მოუგეს 77:57. ამ მატჩში გვანცელაძემ საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა…
საბჭოთა კავშირის 1954 წლის ჩემპიონი თბილისის „დინამო“მარცხნიდან: მწვრთნელი გიორგი ავალიშვილი, კაპიტანი ოთარ ქორქია,ლევან ინწკირველი, ალექსანდრე კილაძე, ილია მირიანაშვილი,ვაჟა ჟღენტი, კუკური არღანაშვილი, მიხეილ ასიტაშვილი,გურამ აბაშიძე, ვაჟა გვანცელაძე, მარლენ კეკელია, კარლო ადეიშვილი
ხელმოცარულის გზა
“სპორტული კარიერის დასაწყისი კარგს არაფერს მიქადდა: ჯერ ტანვარჯიშის მწვრთნელებმა დამიწუნეს, მერე მძლეოსნობაზე ამიცრუვდა გული, ფარიკაობაშიც მომეცარა ხელი. გამოცდილმა მწვრთნელმა ოთარ დიდებულიძემ მირჩია, შენი ადგილი კალათბურთშიაო. არც შემცდარა ალღოიანი პედაგოგი: 1948 წელს კარიერა ჩემპიონობით დავიწყე _ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჭაბუკთა საკავშირო პირველობა მოვიგე ოდესაში.
არასდროს დამავიწყდება 1950 წელიც _ გიორგი ავალიშვილმა თბილისის `დინამოში~ მიმიწვია. საოცნებო გუნდის მაისურა პირველად 1951 წელს ჩაიცვი.
მაშინ ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისში ემზადებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელსაც კიროვის ბაღში ამხანაგურ მატჩში შევხვდით. ავალიშვილმა ნოდარ ჯორჯიკიას, ვაჟა ჟღენტის, ალექსანდრე კილაძის და გიორგი ბახტურიძის გვერდით მეც მათამაშა.
იმავე წელიწადს, როგორც მომავალმა ექიმმა, მოსკოვში სამედიცინო ინსტუტიტების პირველ საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზე. ჩვენმა გუნდმა ყველას აჯობა. ამ ტურნირის შემდეგ `დინამოს~ მთავარი მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად მანდობდა ადგილს. 1952 წელს ერევანში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მომდევნო წელს თბილისში დავამტკიცეთ, რომ `დინამოს~ მაშინ ბადალი არ ჰყავდა _ საკავშირო ჩემპიონატის ცამეტი მატჩი სოლიდური სხვაობით მოვიგეთ და ოქროს მედლები დავიმსახურეთ. ჩვენს გუნდში თამაშობდნენ ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვაჟა ჟღენტი, გურამ მინაშვილი, ალექსანდრე კილაძე, ლევან ინწკირველი, ჯუმბერ ნიჟარაძე, გივი აბაშიძე, გურამ აბაშიძე და მალხაზ ეგანოვი. `დინამომ~ ჩემპიონობა მომდევნო წელს კიევში შეინარჩუნა. იმ წელიწადს მე არ მითამაშია, რადგან ჩემპიონატამდე ლვოვში სპორტსაზოგადოება `დინამოს~ საკავშირო პირველობაზე ხელი მოვიტეხე და უკრაინის დედაქალაქში გამართულ შეჯიბრებამდე იარა ვერ მოვიშუშე. სამაგიეროდ, შემოდგომისთვის ისევ მწყობრში ჩავდექი და ეგვიტე-სირიაში გამართულ ტურნირში ვიასპარეზე. რვა შეხვედრა მოვიგეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარაონთა მემკვიდრეების პირველ ნაკრებთან 3 გამარჯვება. ეს გუნდი ხომ 1949 წლის ევროპის ჩემპიონი იყო და მის შემადგენლობაში ჯერ კიდევ გამოდიოდა სახელოვანი კალათბურთელი მონტასერი.
ჩემპიონობით დაწყებული ჩემპიონობითვე დაასრულა
“1954 წელს ტრავინმა მე და ვაჟა ჟღენტი ნაკრებში მიგვიწვია, ძირითად ხუთეულშიც ვიყავით სტონკუსთან, პეტკიავიჩუსთან და ბოჩკარიოვთან ერთად და სტუდენტთა მსოფლიო თამაშებისთვის ვემზადებოდით. სამწუხაროდ, ცუდად გავხდი და გუნდს ვერ გავყევი ბუდაპეშტში. უნგრეთის დედაქალაქიდან ვაჟა ჟღენტი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა… წლების განმავლობაში ტრავმებმა შემაწუხა და დიდი კალათბურთიდან წასვლა გადავწყვიტე.
კარიერა, როგორც ვთქვი, 1948 წელს ჩემპიონობით დავიწყე და ჩემპიონობით დავასრულე _ 1959 წელს საბჭოთა კავშირის ქალაქების ნაკრები გუნდების პირველობაზე გავიმარჯვეთ. ეს იყო ჩემს კარიერაში ბოლო ტურნირი. მაშინ გუნდში მოვიდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები _ ვლადიმერ უგრეხელიძე, რეზო გოგელია, ვლადიმერ ალთაბაევი. არ მინდოდა, მათთვის ხელი შემეშალა. თანაც სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და პროფესიით მუშაობას ვაპირებდი”.
დიდი სპორტიდან დიდ მედიცინაში
საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონმა და საკავშირო თასის ორგზის მფლობელმა ვაჟა ჟღენტმა ერთხელ ასეთი ეპიზოდი მიამბო: 1952 წელს კიევში საბჭოთა კავშირის 10 ქალაქის ტრადიციულ პირველობაზე გავემგზავრეთ. ერთ საღამოს შეუძლოდ შევიქენი. გუნდის უფროსმა, სახელვანმა ფეხბურთელმა ბორის პაიჭაძემ სასწრაფოდ `კონსილიუმი~ მოიწვია. მაშინ “დინამოში” სამედიცინო ინსტიტუტის ორი სტუდენტი გვყავდა – ვაჟა გვანცელაძე და შურა კილაძე. გადაწყვიტეს, კუჭი ამოერეცხათ. სანამ ისინი ბჭობდნენ, სასწრაფოთი საავადმყოფოში გამაქანეს, სადაც დაუყოვნებლივ გამიკეთეს ბრმანაწლავის ოპერაცია. ქირურგმა მითხრა, შენთვის კუჭი რომ ამოერეცხათ, ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდიო. ჩემს სანახავად მოსულ ვაჟას და შურას მივახალე, თქვენგან ექიმი ისე არ გამოვა, როგორც ჩემგან _ ჩინეთის იმპერატორი-მეთქი.
საბედნიეროდ, შევცდი. ვარჯიშებს რომ მოვრჩებოდით, ვაჟა გვანცელაძე ოთახში ჩაიკეტებოდა და გვიანობამდე წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. თანაგუნდელები `პროფესორს~ ვეძახდით და მართლაც გახდა პროფესორი. თანაც როგორი! ღმერთმა საქართველოს ვაჟა გვანცელაძის მსგავსი ექიმები უამრავლოს”.
მართლაც, ვაჟა გვანცელაძემ 1965 წელს საკანდიდატო, 1988 წელს კი სადოქტორო დისერტაციები დაიცვა. პირველმა გამოიკვლია ზვარეს მინერალური წყლის დადებითი სამკურნალო ეფექტი პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტითა და გასტრიტით დაავადებულ ავადმყოფებში. საბჭოთა კავშირში პირველად მან დანერგა ვიზუალური მრავლობითი გასტრობიოფსია. ასევე, პირველმა შესწავლა შაქრიანი დიაბეტისას ელექტროკარდიოგრაფიულად ფარულად მიმდინარე კორონარული უკმარისობა მასტერსის სინჯის გამოყენებით. საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო აკადემიის აკადემიკოსი 72 სამეცნიერო ნაშრომის, 2 სასწავლო სახელმძღვანელოს და 1 მონოგრაფიის ავტორია. წლების განმავლობაში წარმატებით ართმევდა თავს სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობას. მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე სპეციალისტმა სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები დაიცვა.
85 წლის გადმოსახედიდან
“ცხოვრებაში ბევრი სიმწარე ვიწვნიე, თუმცა სიხარული უფრო მეტი მქონდა. 85 წელი მოვილიე და განვლილ გზას თვალი რომ გადავალე, მივხვდი, რომ უკან მოხედვის არ მეშინია. ხანდაზმულობის მიუხედავად, დღესაც გული ჭაბუკობისდროინდელი გატაცებისკენ მიმიწევს. ეს მხოლოდ ნოსტალგია როდია: ჩემი შვილიშვილი _ ნიკა მეტრეველი საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრია, თან იტალიის სერია A-2-ში თამაშობს, მეორე შვილიშვილი – ვაჟა ჯანაშია სოხუმის გუნდის ღირსებას იცავდა, შვილთაშვილი ოთო სულაკაური საქართველოს 14-წლამდელი ნაკრების წევრია და ახლახან თანატოლთა სორისწ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში იასპარეზა. მარტო ჩემი ნაშიერის კი არა, ქართული კალათბურთის დღევანდელი გამარჯვებებიც მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ნაკრებს მომავალი უფრო წარმატებული ექნება, რადგან ეროვნულ გუნდს შესანიშნავი ცვლა ეზრდება”.