ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონობას მიუახლოვდა. 1 მოგებაც და ქართველი ფორვარდი „სიენას“ შემადგენლობაში ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის გამარჯვებული გახდება. სიენელებმა ფინალური სერიის მე-4 მატჩი 81:71 მოუგეს „რომას“ და საერთო ანგარიშით 3:1 დაწინაურდნენ.
ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი დაიდო. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილ და მხოლოდ 13 წუთი გაატარა, თუმცა ნაყოფიერად გაისარჯა. ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 6 ქულა მოაგროვა და ამას 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ფინალურ სერიაში ეს გახლდათ სანიკიძის ყველაზე შედეგიანი თამაში.
სტაბილურად ითამაშეს „სიენას“ ლიდერებმა – დანიელ ჰაკეტიმ 16 ქულა მოაგროვა, დევიდ მოსმა – 15, ბობი ბრაუნმა კი 14 ქულას 5 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. მატჩი ბოლო მეოთხედამდე ქულა-ქულაში მიდიოდა. რომაელებმა იცოდნენ, რომ ამ მატჩის წაგება ფაქტობრივად საჩემპიონო შანსის დაკარგვას ნიშნავდა, თუმცა ტიტულის მოქმედმა მფლობელმა „სიენამ“ ცივსისხლიანად ჩაატარა გადამწყვეტი მეოთხედი, რომელიც 21:12 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებასაც დაეპარონა.
„სიენამ“ რომ ჩემპიონობა დაკარგოს, ზედიზედ 3 მატჩი უნდა წააგოს, რაც რეალობისგან შორს დგას. მომდევნო მატჩი 19 ივნისს რომში გაიმართება და თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, მე-5 შეხვედრას ისევ სიენა უმასპინძლებს.