ვიქტორ სანიკიძის 18 ქულა, 9 მოხსნა და ბრძოლაში წაგება გალათასარაისთან

ვიქტორ სანიკიძის 18 ქულა, 9 მოხსნა და ბრძოლაში წაგება გალათასარაისთან

ვიქტორ სანიკიძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი თურქულ ლიგაში. მართალია, ქართველი ლეგიონერის ანკარული გუნდი დამარცხდა, თუმცა მეტოქე ერთ-ერთი ლიდერი „გალათსარაი“ იყო, რომელსაც ანკარელები შინაურ კედლებში ბოლომდე ებრძოლნენ, მაგრამ შეხვედრა მაინც დათმეს – 78:88.
სანიკიძემ მოედანზე 33:22 წუთი გაატარა და მასპინძელთა შორის საუკეთესოც გახლდათ. ქართველი ფორვარდის მონაგარი 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარომო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

სანიკიძის მსგავსად 18 ქულა მიითვალა ხორვატმა მარკო ტომასმა, “გალათასარაის” კი ამერიკელმა ლეგიონერებმა – ერიკ მაკკოლუმმა (23 ქულა) და ჩარლზ დევისმა (18 ქულა) ულიდერეს.
“ტედ ანკარა კოლეჯლილერს” 8 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ანკარელები 20 მარტს, სტუმრად „ბანვითთან“ გამართავენ. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკას“, სტამბოლელები ამ ტურის შეხვედრას 14 მარტს შინ „კონიასთან“ გამართავენ.